ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევნის პოლიციის უფროსი აქციების დარბევის მიზეზით პოსტიდან დაითხოვეს

9 აგვისტო, 2016 • 1465
ერევნის პოლიციის უფროსი აქციების დარბევის მიზეზით პოსტიდან დაითხოვეს

ერევნის პოლიციის უფროსი აშოტ კარაპეტიანი, ოფიციალური ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დარბევის გამო თანამდებობიდან დაითხოვეს.

ოფიციალური ცნობითვე, გამოძიების შედეგად პოლიციელთა ნაწილი დააჯარიმეს.

საპროტესტო აქციები სომხეთის დედაქალაქში 2016 წლის 17 ივლისს დაიწყო და 31 ივლისამდე გაგრძელდა, როდესაც ამბოხებულები, რომელთაც პოლიციის შენობა ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცავებს ჩაბარდნენ.

2016 წლის 17 ივლისის დილას შეიარაღებული პირები პოლიტიკური მოძრაობიდან “დამფუძნებელი პარლამენტი” ერევანში, ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ბოლო დროს დაკავებული კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება სურთ. მათ მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი, ამავე პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა. ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი კი დაიჭრა. 17 ივლისის შემდეგ პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერთა აქციებიც დაიწყო. ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომაც იყო. 20 ივლისს პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან. მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს. მაშინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის, 25 პოლიციელი. 29 ივლისს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა და დემონსტრანტები დაშალა, 165 ადამიანი კი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი