ახალი ამბები

პოლიციამ ანსამბლ “ხერთვისის” ხელმძღვანელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

6 აგვისტო, 2016 • 1317
პოლიციამ ანსამბლ “ხერთვისის” ხელმძღვანელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 6 აგვისტოს, სამართალდამცველებმა ანსამბლ “ხერთვისის” ხელმძღვანელის, ვანო წიკლაურის მკვლელობაში ბრალდებული ხაშურის რაიონში დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის, შიდა ქართლის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ი.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ხაშურის რაიონში დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, პირადი მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ვანო წიკლაურს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ხაშურის რაიონში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი