ახალი ამბებისაზოგადოება

ვისთან და რატომ გააფორმა სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის კონტრაქტი განათლების სამინისტრომ

6 აგვისტო, 2016 • 2693
ვისთან და რატომ გააფორმა სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის კონტრაქტი განათლების სამინისტრომ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამაში კორუფციის და პროტექციონიზმის ნიშნებს ხედავს, რასაც უარყოფენ განათლების სამინისტროში, რომელმაც 26 ივლისს გააფორმა სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით 2 მლნ 203 ათას 572 ლარის ღირებულების კონტრაქტი შპს “ფორმასთან”.

“გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ სახეზეა კორუფციისა და პროტექციონიზმის ნიშნები, რაც დიდი წარმატებით გაგრძელდა ახალი მინისტრის მოღვაწეობის პერიოდშიც”, – ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამის ფარგლებში “ფორმასთან” გაფორმებულ კონტრაქტს.

“ეს არის მტკნარი სიცრუე, თუ ნაციონალური მოძრაობა დავიდა იმ დონეზე, რომ განათლების სამინისტროზე გაბრაზებული და დაბოღმილი გამომცემლობების ტყუილების ასე საჯაროდ აქვეყნებს, ცუდად ყოფილა მათი საქმე. ვერც ერთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენენ, რომელიც ოფიციალურად იყოს ჩენთან გამოგზავნილი, სადაც თუნდაც ერთი თეთრით ნაკლებად იყო შემოთავაზებული სახელმძღვანელო და მე ამის იგნორირება გავაკეთე და დავაბეჭდვინე «ფორმას», – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში გიორგი შალუტაშვილი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

“ამ ფაქტს [კორუფციასა და პროტექციონიზმს. რედ] ადასტურებს ისიც, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა, შპს “ფორმას” მიერ სუბკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ შერჩეული სტამბა საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობითა და ვადების გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს შეკვეთის შესრულებას, მაშასადამე, სამინისტროს მიერ გაკეთებული არჩევანი, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, გარკვეული წრეების პირად ინტერესებს ემსახურება”, – აცხადებს ენმ.

შპს “ფორმას” დირექტორმა გურამ ტყეშელაშვილმა, რომელიც ამავდროულად ამ ფირმის 100%–ანი წილის მფლობელია, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაცია მართლაც ეხმარება ბეჭდვაში, რაც მისი თქმით, აპრობირებული მეთოდია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სერგო რატიანისა და მარიამ რამინაშვილის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2016-2017 წლის სასკოლო წიგნების დაბეჭდვისთვის 4-ჯერ ძვირადღირებული ხელშეკრულება გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

“აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამომცემლობებში არსებობს საჭირო რაოდენობის ნაშთი და, თავის მხრივ, გამომცემლობები მზად არიან მეოთხედ ფასად გადასცენ სამინისტროს საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელო. შესაბამისად სამინისტროს ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა, რომელიც ბიუჯეტის თანხების გაფლანგვისკენაა მიმართული.

ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წიგნების საცალო ღირებულება ზოგ შემთხვევაში 20 ლარს შეადგენს. და ეს მაშინ, როცა გამომცემლები აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ ორ ლარ-ნახევრად მიეყიდათ სახელმწიფოსთვის გამომცემლობებში ნაშთის სახით არსებული მარაგი”, – აცხადებენ ენმ–ს წარმომადგენლები.

აღნიშნული ბრალდებების საპასუხოდ, გიორგი შალუტაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მათ “ფორმასთან” მხოლოდ იმ სახელმძღვანელოებისა და რვეულების ბეჭდვის შესახებ გააფორმეს კონტრაქტი, რომლებიც უფრო იაფად შეთავაზეს, ვიდრე სხვა გამომცემლობებმა:

“არავითარი კორუფცია აქ არ არის. ბაზრის კვლევა როდესაც ტარდებოდა, 80–მდე ქართულ კომპანიას და რამოდენიმე ათეულ უცხოურ კომპანიას გაეგზავნა ის განფასებები, წიგნთა და რვეულთა ჩამონათვალი, რომლის შესყიდვასაც ჩვენ ვგეგმავდით. შესაბამისად, ვის მიერაც ყველაზე დაბალი ფასი იყო წარმოდგენილი, ზუსტად მათგან უნდა მომხდარიყო შესყიდვა. მაგრამ სატენდერო პროცედურებს აქვს თავისი ვადა. ჩვენ რომ ელექტრონული ტენდერი გამოგვეცხადებინა, ბუნებრივია, რომ სადღაც 40 დღე ჭირდება, რომ კონტრაქტამდე მივიდეთ. მაგრამ ვინაიდან წელს ჩვენ გვაქვს ისეთი სასწავლო წელი, რომ 1–6 კლასის სახელმძღვანელოები მომავალი წლიდან უკვე ახალი იქნება, იმიტომ რომ გრიფირებას გასდის, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალური სიზუსტით გვინდოდა დაგვეთვალა, რა რაოდენობის წიგნი უნდა დაგვებეჭდა, განსაკუთრებით 1–6 კლასის ბავშვებისთვის, რომ მერე ისე არ მომხდარიყო, რომ გადამეხადა უფრო მეტი ფული და ეს სახელმძღვანალოები გამოუსადეგარი იქნებოდა მომავალ წელს”.

შალუტაშვილის თქმით, მათ სამჯერ მოახდინეს გადათვლა და ბოლოს ივლისის შუა რიცხვებში დააზუსტეს რაოდენობა, ვინაიდან, მისი განმარტებით, მანამდე უცნობი იყო იმ სახელმძღვანელოების მდგომარეობა, რომლებიც უფროსკლასელებმა გამოსაშვები გამოცდების გამო დაგვიანებით ჩააბარეს.

“აი, ამ პირობების გათვალისწინებით, ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ მდგომაროებაში, რომ ტენდერი რომ გამოგვეცხადებინა, ბუნებრივია ვეღარ მოესწრებოდა ამ სახელძღვანელოების ბეჭდვა, ჩატანა რესურს–ცენტრებში, ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი არ ჩავარდნილიყო, და ბავშვს სასწავლო წლის პირველივე დღეს დახვედროდა წიგნები, ჩვენ შევედით შუამდგომლობით და მთავრობას ვთხოვეთ, რომ განეხილათ, რომ გამარტივებული შესყიდვით გაფორმებულიყო კონტრაქტი იმ ფირმასთან, ვინც ყველაზე დაბალი ფასი შემოგვთავაზა. ასეთი აღმოჩნდა შპს «ფორმა», – განმარტავს შალუტაშვილი.

ენმ–ს განცხადებით, გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა საჭირო მონაცემების შეგროვება.

“თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების დიდი ნაწილი სასკოლო რვეულების ბეჭვდისთვისაა განკუთვნილი, რაც ერთჯერადი გამოყენებისაა. შესაბამისად, ყოველგვარი კვლევის გარეშე შესაძლებელი იყო ეს სეგმენტი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონმდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განხორციელებულიყო”.

შალუტაშვილის თქმით, ის სახელმძღვანელოები და რვეულები, რომლებიც სხვა კომპანიებმა უფრო იაფად შეთავაზეს სამინისტროს, სწორედ მათგან შეისყიდეს.

“ნახევარ მილიონზე ცოტათი მეტი ღირებულების სახელმძღვანელოებს წელს ვყიდულობ მათგან. ეს არის ის სახელმძღვანელოები, რომლებიც მათ ოფიციალურად, ბაზრის კვლევის დროს უფრო იაფად შემოგვთავაზეს, ვიდრე შპს «ფორმამ». საუბარია თითო თეთრის დაკლებაზე. მესმის, რომ ის დრო აღარ არის, რომ 10 და 15 ლარად ყიდდნენ სახელმძღვანელოებს და მილიონები ჰქონდათ შემოსავალი, მაგრამ განათლების სამინისტრო ყოველ წელს ყიდულობს მათგან გარკვეული რაოდენობის სახელძღვანელოებს და რვეულს და ამას გარდა, იხდის ჰონორარს წლის ბოლოს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ განათლების სამინისტრო იგნორირებას უკეთებს გამომცემლობებს, საფუძველს მოკლებულია. თუ ნაციონალური მოძრაობა ასე უჯერებს თავის გამომცემლებს, მაშინ მათ გამოართვან ის დოკუმენტაცია და საჯაროდ წარადგინონ, სადაც ის გამომცემლობები მე მთავაზობდნენ სახელმძღვანელოებს უფრო იაფად, ვიდრე – შპს «ფორმამ» შემომთავაზა და მე იგნორირება გავაკეთე”, – აცხადებს შალუტაშვილი.

ენმ–ს წევრების განცხადებით, გარდა მათ მიერ ზემოთ დასახელებული პრობლემატური საკითხებისა, შესაძლოა საფრთხე შეექმნას წიგნების დროულად ბეჭდვას:

“ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთი ბეჭდვისა და დისტრიბუციის ჩათვლით, ხელშეკრულების დაგვიანებით გაფორმების გამო, სასწავლო წლის დაწყების თარიღს ცილდება, რაც ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების მიწოდება ვერ განხორციელდება საჭირო ვადებში. ამან კი თავის მხრივ შესაძლოა სასწავლო პროცესის ჩაშლა გამოიწვიოს”, – აცხადებენ ენმ–ს წევრები.

ამ ინფორმაციას უარყოფს განათლების სამინისტრო. გიორგი შალუტაშვილის თქმით, 10 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაასრულოს კონტრაქტის მიხედვით შპს “ფორმამ” ბეჭდვა, რის შემდეგაც დაიწყება სახელმძღვანელოების დისტრიბუცია საქართველოს რეგიონებში, რათა ისინი დროულად მიეწოდოს საჯარო სკოლებს.

შპს “ფრომას” დირექტორის თქმით, მან კონტრაქტის ფარგლებში უნდა დაბეჭდოს 1 მლნ 200 ათასი რვეული და სახელმძღვანელო, საიდანაც 400 ათასი უკვე დასაწყობებულია და მისი თქმით, 10 აგვისტოს ჩათვლით ის შეძლებს შეკვეთის სრულად განხორციელებას, შეფერხების გარეშე.

განათლების სამინისტროს შპს “ფორმასთან” გაფორმებული კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი