კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატის მხრიდან რეგიონებში “ქართული ოცნების” აქტივისტების ახსნა–განმარტებების მიცემის დროს უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. მისი შეფასებით, “საქმე ამ შემთხვევაში გვაქვს გარკვეულ სპეკულაციებთან და ეს უკანასკნელი შეიძლება შედიოდა ცალკეული პირების ინტერესებში. თუმცა ამ პროცესებმა ჩვენ გარკვეული გაკვეთილი მოგვცა”, – აცხადებს ბეჟაშვილი.
აღნიშნულის შესახებ მან დღეს, 19 მარტს პარლამენტში, იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილმა კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერების დაბარება-დაკითხვასთან დაკავშირებით პარლამენტში განმარტებები გააკეთა.
დღევანდელ შეხვედრაში, რომელიც კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, პარლამენტარები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საია–ს შეკითხვაზე, რა რეაგირებას აპირებთ იმ მოხელეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც არსებობს ფაქტები მათ მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, კონკრეტულად, გაგა ჩანქსელიანის წინააღმდეგ, რომელმაც იძულებული გახადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, დაეტოვებინა ახსნა–განმარტების მიცემის პროცესი, ბეჟაშვილმა უპასუხა: “ნაკლოვანება ამ პროცესის გახლდათ ის, რომ ჩვენ არ გვაქვს სწორედ რეალური და ხელშესახები ფაქტებით დადასტურებული ინფორმაცია ამ ფაქტებისა და კონტროლის პალატის უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ.”
მისი განმარტებით, ცალკეული შემთხვევა, ბუნებრივია, იყო, როდესაც საია–მ მათ მიმართა ჩოხატაურში ადვოკატის დაცვის უფლების შეფერხებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ჩავერთეთ და მაშინვე მოვაგვარეთ ეს პრობლემა. ჩვენი ინფორმაციით, იყო მცდელობა ხელის შეშლის პროცესისადმი და, ბუნებრივია, მას მოუწია დაკითხვის, გამოკითხვის ოთახის დატოვება. თუმცა მეორე ადვოკატი დარჩა ადგილზე და შეასრულა თავისი უფლებამოსილება. ასე რომ, მთელი ამ პროცესის განმავლობაში არავინ არ ყოფილა ადვოკატის გარეშე”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მან ასევე კატეგორიულად უარყო ახსნა–განმარტების მიცემის პროცესში პოლიციის ჩართულობა.
“ჩვენ განზრახ შევარჩიეთ გამგეობები, რადგან ეს ადგილები ყველაზე საჯაროა და არც ერთი მოქალაქისთვის უცხო არ არის, რომ როდესაც სახელმწიფო დაწესებულებაში შედიხარ, გადიხარ გარკვეულ შემოწმებას. თუმცა ამ პროცესებში ჩართული არ იყო პოლიცია, ჩვენ უნდა განვასხვავოთ საპატრულო პოლიცია, მოკვლევაზე და გამოძიებაზე პასუხისმგებელი პოლიცია, რომლებიც არ იყვნენ ამ პროცესებში ჩართულები, ეს იყო მხოლოდ დაცვის პოლიციისა და ადგილობრივი პოლიციის მიერ განხორციელებული მოქმედებები, რომელიც მიზნად ისახავდა უსაფრთხოების ზომების გატარებას”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მოხდება თუ არა იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა?
“ბუნებრივია, პირველ რიგში, ამ აჟიოტაჟის ატეხვის დროს ჩვენ ვიყავით დაინტერესებულნი, რომ ცხელ კვალზე მოგვეხდინა რეაგირება და თითოეული განცხადება, რომელიც ვრცელდებოდა სააგენტოებისა და პრესის საშუალებით, ჩვენ მიერ ხდებოდა მასზე რეაგირება. თითქმის უმრავლესობა ამ ფაქტების არ დასტურდებოდა. ძნელია ადამიანს მოსთხოვო პასუხი იმაზე, რაც მას არ გაუკეთებია. და როდესაც აბრალებენ, რომ, მაგალითად, ეროვნებით აზერბაიჯანელს დაემუქრნენ გაუგონარი მუქარით, არ შეიძლება, რომ ეს ნორმალურმა ადამიანმა სერიოზულად მიიღოს იმდენად, რამდენადაც ამ დაშინების მიზანი სრულიად გაურკვევლია. რაში უნდა დასჭირებოდა კონტროლის პალატის თანამშრომელს ამის გაკეთება, რა ფინანსური კავშირი უნდა დაგვედგინა ამ მუქარით ამა თუ იმ პირის რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ფინანსური კავშირის თაობაზე. ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხები და გამოირიცხა ეს ბრალდება”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, გაუგებარია, 11-მა კაცმა, რომელიც რეგიონებში გამოკითხვებს ატარებს, პოლიტიკური რეპრესიები როგორ უნდა განახორციელოს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა განაცხადა, მან ამომწურავი პასუხები კონტროლის პალატის ხელმძღვანელისგან ვერ მიიღო:
“დიდი ინტერესის მიუხედავად, ვერ მივიღეთ პასუხები იმ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო კონტროლის პალატაში და რის გამოც, რის საფუძველზედაც მოქალაქეებს საქართველოს რეგიონებში გაეგზავნათ უწყებები. გვაინტერესებს, კონკრეტულად რა წარმოებას აქვს ადგილი, რა წარმოებაა დაწყებული კონტროლის პალატაში, როდის დაიწყო, კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დაიდო ეს წარმოება. რა სამართლებრივი სტატუსით დაიბარეს საქართველოს მოქალაქეები კონტროლის პალატაში.
ასევე, ერთ–ერთი და მნიშვნელოვანი პრობლემა, ეს ეხება პროცესის საჯაროობას და იმ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან საია–ს ადვოკატები.
ადვოკატთან დაკავშირებით ბატონ ლევანს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია. მან თქვა, რომ ადვოკატს არ ჰქონდა შესაბამისი ორდერი და ის ხელს უშლიდა ახსნა–განმარტების მიცემის პროცესს, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ადვოკატს ჰქონდა ორდერი და პირიქით, მას შეუშალეს ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მაშინ, როდესაც ის იწერდა კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ დასმულ ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა– როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ხომ არ აქვს “ქართულ ოცნებას” საიასთან მომსახურების ხელშეკრულება, ანუ კითხვები, რომლებიც ცალსახად გასცდა ფინანსურ საკითხებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ტალიურმა.