”თავისუფალი საქართველოს” წარმომადგნლებმა საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს.
“თავისუფალი დემოკრატების” განცხადებიათ, 2010 წლის სექტემბერში “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება რკინიგზაში მუშა-მოსამსახურეების საქართველოს პროფკავშირებში საწევროს გადარიცხვის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ირაკლი ალასანიას პარტიის რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილის ამბობს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის მწვავე კრიტიკა გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ის ეზუგბაიას გაურიგდა და მომხდართან დაკავშირებით აღარ აქტიურობს:
”საწევროებს არ იხდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები რკინიგზის პროფკავშირების წევრები აღარ არიან. ეს მოხდა გარიგებით პეტრიაშვილსა და ეზუგბაიას შორის და მათ შეწყვიტეს საწევროების ამოღება. ეს არის კორუფციული გარიგება. პროფკავშირების კანონის შესაბამისად, თუ შენ არ იხდი საწევროს შენატანს, შენი დაცვის საშუალება აღარ არის,”-აღნიშნავს პარტიის გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე.
პარტიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ სქემის შედეგად მოახერხა ეზუგბაიამ კომპანიიდან 8500-მდე ადამიანის უპრობლემოდ დათხოვნა.
საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი კატეგორიულად უარყოფს შალამბერიძის ბრალდებას:
”ეზუგბაიასთან დაკავშირებით, არათუ გარიგება, საერთოდ ურთიერთობა არ გვაქვს, რკინაგზელთა პრობლემებთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში სარჩელი შეტანილია. პროფკავშირებს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული რკინიგზის ადმინისტრაციასთან, რომ რკინიგზელებს უნდა ჰქონოდათ გრძელვადიანი კონტრაქტები, მათ უნდა ჰქონოდათ პრემირების სისტემა, მათი გათავისუფლება არ უნდა მომხდარიყო და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფლიქტი, რაც არსებობს ჩვენსა და ხელისუფლებას შორის, გახლავთ რკინიგზისა და განათლების თემა, როგორც მინიმუმ, ღიმილის მომგვრელია მათი განცხადებები. სარჩელი ევროსასამართლომდე მივა,”- აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბრისას ირაკლი პეტრიაშვილი.
შალამბერიძის განცხადებით, ერთი თვეა, რაც შეიქმნა ”რკინიგზელთა თავისუფალი პროფკავშირი” და დღევანდელი აქციის მიზანიც სწორედ აღნიშნულ პროფკავშირში გაწევრიანების მოწოდება გახლდათ.
”დღევანდელი ჩვენი მოთხოვნაა, ის ადამიანები, ვინც არიან გამოყრილები და ვინც არიან დარჩენილი, გაერთიანდნენ თავისუფალ პროფკავშირში, რათა თავიანთი პროფკავშირით დაიცვან საკუთარი თავი და არა პეტრიაშვილის “ნაციონალებთან” გარიგებული პროფკავშირით. ეს არის დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც არ იქნება გარიგებული “ნაციონალურ მოძრაობასთან” და იმ პროფკავშირებთან, რომელიც მთავრობის გაგრძელებაა,”- აღნიშნავს გია ყრუაშვილი
როგორც შალამბერიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მას აქტიური ურთიერთობა აქვს ეზუგბაიას მიერ გათავისუფლებულ პირებთან, მაგრამ ისინი დაშინებულები არიან და ამიტომ ვერ წევრიანდებიან ”რკინიგზელთა თავისუფალ პროფკავშირში”:
”ჩვენი ამოცანაა, ასეთი ტიპის აქციებით გავამხნევოთ ისინი და ვუთხრათ, რომ საშიში არაფერია და თავად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე”.
პეტრიაშვილი სკეპტიკურად უყურებს ”რკინიგზელთა თავისუფალ პროფკავშირის” წარმატებული მუშაობის საკითხს:
”ვინ საით იყურება და ვის როგორ უნდა თავისი თავი პოლიტიკაში იპოვოს იმ ფონზე, რომ პარტია ვერ აღწევს წარმატებებს, ეს უნდათ პროფკავშირების ხარჯზე რომ გააკეთონ , მაგრამ როგორც მე ვერ გავხდები საქართველოს ჩემპიონი სინქრონულ ცურვაში, ისე ეგენი ვერ გახდებიან პროფკავშირლები. ეგ იმ ქვეყნაში მოიკითხონ, საითკენაც ეს პარტია იყურება და საიდანაც ფინანსდება, იქ ხდება ხოლმე მაგ გზით პროფკავშირების ჩამოყალიბება”.
”რკინიგზელთა თავისუფალ პროფკავშირში” ამ ეტაპზე 5 ადამიანია გაერთიანებული.
“ნეტგაზეთი” შეეცადა ინფორმაციის მოძიებას “საქართველოს რკინიგზიდანაც”. ჩვენ შესაბამისი შეკითხვებით მივმართეთ აღნიშნული დაწესებულების პრეს-სამსახურს, რომელიც დაგვპირდა, რომ დღის ბოლომდე მოგვაწვდის ინფორმაციას, რასაც “ნეტგაზეთი” მაშინვე გამოაქვეყნებს.
