ახალი ამბები

სტუდენტთა საზაფხულო სამუშაო ადგილების სრული ნუსხა გამოქვეყნდა

18 მარტი, 2012 •
სტუდენტთა საზაფხულო სამუშაო ადგილების სრული ნუსხა გამოქვეყნდა

იმ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სრული ნუსხა, სდაც ზაფხულის განმავლობაში სტუდენტთა ნაწილს დასაქმების შანსი აქვს, უკვე გამოქვეყნდა.

თითქმის ყველა სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, უმაღლესი სასწავლებლები, სხვადასხვა ბიზნესკომპანია, კაფეები, რესტორნები, სასტუმროები, – ეს ის ძირითადი სტრუქტურებია, სადაც სტუდენტები დასაქმდებიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განაცხადის მიუხედავად, სტუდენტთა დასაქმების ობიექტებში არ მოხვდა არც ერთი ბანკი.

რაც შეეხება სხვა ბიზნესკომპანიებს, ნუსხაშია: “მადნეული”, სადაზღვევო კომპანიები, “თელასი”, “ყაზტრანსგაზ თბილის”, “სოკარი”, კოკა-კოლა, ბორჯომი, ნიკორა და ა.შ.

ჯანდაცვის სფეროში სტუდენტებისთვის ძირითადად საქართველოს ყველა რეგიონის სამედიცინო დაწესებულებაში სანიტრებისა და მედდის თანაშემწეთა ვაკანსიებია გამოცხადებული.

მრავალფეროვანია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიები: უმწეოთა სასადილოების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა, წყალკანალიზაციის სისტემებისა და სადრენაჟე– სანიაღვრე ქსელების მშენებლობის ზედამხედველობა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის პროცესში მონაწილეობა, პანთეონების საზღვრებში მოქცეული ტერიტორიის აზომვა, დაკრძალული პიროვნებების განსასვენებლების აზომვა– აღრიცხვა, დაკრძალულ პიროვნებათა შესახებ ინფორმაციის მოძიება და საცნობარო ბაზის შექმნა და ა.შ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ყველა ვაკანსია კი ქვეყნის მასშტაბით სკოლების სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბაკალავრიატის ის სტუდენტები, ვისაც სურვილი ექნება, 2012 წლის ზაფხულის არდადეგებზე სტუდენტური დასაქმების ერთთვიან პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს, 20 მარტის დილის 10 საათიდან, დასწრების პრინციპით, ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge უნდა დარეგისტრირდნენ.

დაახლოებით 90 ათასი სტუდენტიდან დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ 25 ათასი მოასწრებს.

დარეგისტირების ვადები ოფიციალურად 20 მარტიდან 20 აპრილამდე განისაზღვრა.

იმისთვის, რომ სტუდენტმა დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს, აუცილებელია, იმ უმაღლეს სასწავლებელს, სადაც ის სწავლობს, ავტორიზაცია გავლილი ჰქონდეს.

სამინისტროში ამბობენ, რომ ვინც დარეგისტრირებას ვერ მოასწრებს, იმათთვის შეიქმნება სათადარიგო სია. ამ სიაში მოხვედრილ სტუდენტებს დასაქმების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ რომელიმე სტუდენტი საკუთარი სურვილით გამოეთიშება პროგრამას.

იმის მიუხედავად, რომ, სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმებული სტუდენტების ანაზღაურება ერთი თვის განმავლობაში 500 ლარი იქნება, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებულ შორმით ხელშეკრულებაში წერია, რომ შრომის ანაზღაურება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს, რასაც აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი (20 %).

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტუდენტებს ურჩევენ, ის მოთხოვნები, რომელიც დამსაქმებელ კომპანიას ექნება, ამა თუ იმ ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში, კარგად გაითვალისწინონ და ისე მიუთითონ სასურველი ვაკანსია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებელს აქვს უფლება, დასაქმებულ სტუდენტს ხელშეკრულება შეუწყვიტოს.

„იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები რაიმე პრეტენზიით დაგვიკავშირდებიან, ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები ინდივიდუალურად შეისწავლიან თითოეულ შემთხვევას. თუ მონიტორინგის ჯგუფმა დაადგინა, რომ რელაურად არის იმის საფუძველი, რომ სტუდენტი არაკეთილსინდისიერად ასრულებს სამუშაოს, ის ანაზღაურებას ვერ მიიღებს. თუ სხვა გარკვეული მიზეზით ერთ სტუდენტს სხვა სტუდენტი ჩაენაცვლება, ანაზღაურება სამუშაო დროის მიხედვით გაიყოფა,“ – აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ საჯაია.

მას შემდეგ, რაც სტუდენტი პროგრამაში ჩაერთვება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მოსთხოვოს დამსაქმებელს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდება, დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე არსებული სამუშაო პირობების შემოწმება განახორციელოს.

თავის მხრივ, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო და შრომისათვის აუცილებელი პირობები შეუქმნას.

“მაგალითად, თუ სამედიცინო სფეროში დასაქმდება სტუდენტი, ის იმუშავებს საავადმყოფოში სანიტრად. ეს არის დიდი შანსი, მიიღო პრაქტიკული ცოდნა. ასევე, მაგალითად, კონსერვატორიამ მოითხოვა სკვერებში დამკვრელების ვაკანსია, ისინი იქ კონცერტებს გამართავენ,”-ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ საჯაია.

2012 წლის ზაფხულში სტუდენტთა დასაქმების პროგრამას ყველაზე მასშტაბურს უწოდებენ საქართველოს მთავრობაში.

სტუდენტური დასაქმების პროგრამა თბილისში 2006 წელსაც, თვითმმართველობის არჩვნებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ერთი თვით დასაქმებულ თითოეულ სტუდენტს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაუხადეს. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

სტუდენტთა დასაქმების პროგრამაზე 2012 წლის ზაფხულშიც ქვეყნის ბიუჯეტიდან 12,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი