ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

ვინ აკონტროლებს დაცვის სამსახურების პროფესიონალიზმს ღამის კლუბებში

3 აგვისტო, 2016 • 4236
ვინ აკონტროლებს დაცვის სამსახურების პროფესიონალიზმს ღამის კლუბებში

17 ივლისს თხილნარში, ერთ-ერთ ღამის კლუბში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს; 20 ივლისს სამი ახალგაზრდა დაჭრეს ანბანის კოშკთან ახლოს მდებარე კლუბში – The Gate; 20 ივლისს ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თქვა, რომ მას ღამის კლუბ “Sector 26″-ში დაცვის თანამშრომლებმა სცემეს.

რამდენად კონტროლდება კერძო დაცვის სამსახურების კომპეტენცია? – ღამის კლუბებში „ბათუმელებს” უთხრეს, რომ დაცვის სამსახური ოპერატიულად მუშაობს და შემთხვევებზე ადეკვატურად რეაგირებენ.

„კანონით არასრულწლოვანს არ უნდა უშვებდნენ ღამის კლუბში, მაგრამ 17 წლის ნიკა [პირის ვინაობას არ ვა- სახელებთ არასრულწლოვნის თხოვნის გამო] ისე შევიდა ღამის კლუბში, რომ არც კი იცოდა ამ აკრძალვის შესახებ. მას დაახლოებით ღამის სამ საათზე დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა სცემა,” – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა. მისი თქმით, ნიკამ პოლიციაში დაცვის სამსახურის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა და ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს. ადვოკატის გადმოცემით, არასრულწლოვანს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მაშინ დაუწყეს ცემა, როცა ის და მისი მეგობარი კლუბის შიგნით მდებარე აუზში ჩავიდნენ საბანაოდ: „ახალგაზრდებს ასევე გამოესარჩლა ნიკას ბიძია, ვისთან ერთადაც იყვნენ ახალგაზრდები კლუბში შესული. ჩხუბის შემდეგ ადგილზე პოლიციაც მივიდა, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევის გამო, ნიკას ბიძია 100
ლარით დააჯარიმა”.

„არსებობს იმ ღამის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ეს არასრულწლოვანი ჩვეულებრივ, წესების დაცვით გაჰყავთ კლუბიდან”, – გვითხრა კლუბ „Sector 26″-ის მენეჯერმა ნინო მოზაშვილმა. ის ჩანაწერის ჩვენებას დღის ბოლოსთვის დაგვპირდა, როცა დაცვის სამსახურის უფროსი ადგილზე იქნებოდა. საღამოს მენეჯერი კლუბში აღარ დაგვხვდა, ხოლო დაცვის სამსახურის უფროსმა, გურამ ფანდარაშვილმა გვითხრა, რომ ამ კონკრეტული ჩანაწერის შესახებ არაფერი იცის. მან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც 24 ივლისამდე ჩანაწერები წაშლილია. გურამ ფანდარაშვილის თქმით, ჩანაწერები ავტომატურად იშლება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ.

კითხვაზე, შეიცვალა თუ არა კლუბში უსაფრთხოების დაცვის წესები მას შემდეგ, როცა იქ არასრულწლოვანი აღმოჩნდა? – კლუბის სერვის მენეჯერმა, ლევან მიჩიგაშვილმა გვიპასუხა: „არასრულწლოვანი არ შემოსულა შემოსასვლელიდან, ის შემოიპარა პლაჟის მხრიდან… მართალია, პლაჟის მხრიდან გვაქვს ღობეები მოწყობილი, მაგრამ ხანდახან, როცა ორი და სამი ათასი სტუმარი გვყავს, დაცვის თანამშრომლები ღობეების სრულად გაკონტროლებას ვერ ახერხებენ და იქედან შემოპარვა შესაძლებელია. ამჯერად ამ კუთხით გამკაცრდა კონტროლი”.

“Sector 26″-ში იმ ღამითაც და ახლაც უსაფრთხოებას დაცვის 30-მდე თანამშრომელი აკონტროლებს. კლუბის დაცვის სამსახურის უფროსმა, გურამ ფანდარაშვილმა გვითხრა, რომ გარედან მისი სამსახურის კომპეტენციას არავინ ამოწმებს. ის არ წარმოადგენს დაცვის რომელიმე კომპანიას: „ჩვენ თავად ამ კლუბის დაცვის აყვანილი თანამშრომლები ვართ. კარგად მუშაობის მოტივაცია თავისთავად გვაქვს, რადგან კლუბის იმიჯი არ უნდა დაზარალდეს. მე-6 წელია ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოებას ამ კლუბში. მუშაობს ფეისკონტროლი და თანამშრომლები იყენებენ ხელის დეტექტორებს. კლუბში შესვლა აკრძალულია გოგონებისთვის 18, ბიჭებისთვის კი 21 წლამდე.”

კერძო დაცვის კომპანია „დეტი” იცავს უსაფრთხოებას კლუბში The Gate. დაცვის 14 თანამშრომლის თვალწინ სამი ადამიანის დანით დაჭრის შემდეგ აქ გვითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ: „ისე უცებ მოხდა ყველაფერი, 3 წამში, ვერაფერს იზამდი… ცეკვავდა ხალხი და ამ დროს უცებ დაერივნენ ერთმანეთს” – გვითხრა გულადი ცინცაძემ, დაცვის სამსახურის უფროსმა. ინცინდენტის შემდეგ კლუბში დეტექტორების სისტემა გაუმკაცრებიათ. The Gate-ის მენეჯერის, ნიკა მაჭარაძის თქმით, აქამდე ნაკლებად აკონტროლებდნენ ქალებს და მათ ჩანთებს: „ასევე გავამკაცრეთ ასაკობრივი ცენზი და 21 წლამდე არ ვუშვებთ არავის. გვაქვს ფეისკონტროლიც. იმ ღამის ჩანაწერები პოლიციელებმაც ნახეს და მათაც თქვეს, აქ რეაგირება ვერ მოესწრებოდაო…”

დაცვის სამსახურის უფროსის თქმით, მათ კომპეტენციას დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ამოწმებს: „ვერ გაიგებ, შეიძლება, ისე შეგამოწმონ. აკონტროლებენ, გვაცვია თუ არა ფორმები, როგორ მუშაობ და ასე შემდეგ. გამოცდები, როგორც ასეთი, არ გვიტარდება, არც ფიზიკურ მომზადებას ამოწმებენ… ჩვენც ვცდილობთ პროფესიონალები გვყავდეს. ტრენინგებზეც ხშირად დავდივართ”.

სამივე მამაკაცი, რომლებიც The Gate-ში დაჭრეს, უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. საქმის გამოძიება დაწყებულია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით.

საქმის გამოძიება სასამართლო ეტაპზე გადავიდა თხილნარის კლუბში მამაკაცის დაჭრის საქმეზეც. პოლიციამ ბრალდებული 18 ივლისს დააკავა და ის უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, თუმცა პოლიციაში გამოცხადდა სხვა პირი, ვინც თქვა, რომ დაზარალებული დანით თვითონ დაჭრა. სასამართლომ ამ ეტაპზე მოწმის ეს ჩვენება არ გაიზიარა.

კერძო დაცვის სამსახურების საქმიანობა კანონით „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” რეგულირდება. ამ კანონის მიხედვით, დაცვის ნებისმიერმა კომპანიამ ლიცენზია შინაგან საქმეთა ს მინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან უნდა მიიღოს. ლიცენზიის მისაღებად დაცვის კერძო სამსახურმა სხვადასხვა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა, იარაღის მართვის უფლება და ასე შემდეგ.

ლიცენზიის გაცემის შემდეგ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ნებისმიერ დროს აქვს დაცვის კერძო სამსახურის მონიტორინგის და მისი დაჯარიმების უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს” არ უპასუხეს კითხვაზე – რა ინტენსივობით ხორციელდება მონიტორინგი, რა მოწმდება კონკრეტულად და რამდენად ხშირია დაცვის კერძო სამსახურების დაჯარიმების შემთხვევა.

კლუბი „Sector 26". ირმა დიმიტრაძის ფოტო

კლუბი „Sector 26″. ირმა დიმიტრაძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი