ახალი ამბები

ბურჯანაძის პასუხი ივანიშვილს

16 მარტი, 2012 • • 1140
ბურჯანაძის პასუხი ივანიშვილს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს, 16 მარტს, გამოეხმაურა “სახალხო კრების” წარმომადგენლებისა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას.   

“სად წაიკითხეს, რომ მე კოალიციაში შესვლას ვითხოვდი? უხერხულია, არ მგონია, რომ ადამიანები კითხულობენ და ვერ იგებენ. როგორც ჩანს, ან მართლა არ წაიკითხეს, რაც კიდევ უფრო გასაკვირია. მაშინ სხვა მიზეზია, რომელზეც არ საუბრობენ. მაშინ დავმარცვლავ – არავინ კოალიციაში და “ქართულ ოცნებაში” მიღებას არ გთხოვთ, თქვენ ადგილებს და თქვენს ხელფასებს არავინ გეცილებათ”, – განაცხადა ბურჯანაძემ სასტუმრო “ვერე პალასში” “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრების “სახალხო კრების” სათათბირო ორგანოსთან – დარბაზთან შეხვედრის დაწყებამდე.

მან ასევე ხაზგასმით ისაუბრა ქვეყანაში ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის მნიშვნელობაზე.

“არავინ არსად შესვლას არ ითხოვს, არ ვითხოვთ კოალიციაში ადგილებს. საუბარია ერთიან ეროვნულ ფრონტზე, სადაც ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად გაერთიანდებიან. ერთ–ერთი კრიტერიუმი სამშობლოს სიყვარული და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენ გვაინტერესებს მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მივესალმებით ყველა იმ იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს ოპოზიციური ძალების კოორდინაციას,” – განაცხადა ბურჯანაძემ.   

ბურჯანაძემ არაპოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა ივანიშვილის მისადმი გამოთქმული მოსაზრება 26 მაისის მოვლენებზე. მისი თქმით, სააკაშვილსაც არ უთქვამს, რომ ის პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკოსია.

„რას ნიშნავს, რომ კრებას უნდა ჩამოვშორდე? ვის აქვს იმის უფლება, მე სამშობლოს სიყვარული ამიკრძალოს, ან არგუმენტირებულად მითხრას, რომ ამ პროცესს ხელს ვუშლი. ჯერ ერთი, ეს „სახალხო კრების“ გადასაწყვეტია. ვიღაცამ რატომ უნდა მიკარნახოს, სად წავიდე და სად არა? მესია საქართველოში ჯერ არ გამოცხადებულა და დანარჩენს არავის აქვს ამის უფლება. ჯერ ერთი, რა პროცესს უნდა შევუშალო ხელი? საერთოდ რამე პროცესი არსებობს? უკაცრავად, მაგრამ სააკაშვილსაც არ უთქვამს, რომ ბურჯანაძე პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკოსია“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, 6 მარტს ივანიშვილი “სახალხო კრების” წარმომადგენელბს შეხვდა და შეხვედრაზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ “თუ საერთო საქმეს არ ეხმარები, ისეთი პოზიცია მაინც უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო.”  

“არ უნდა დარჩე პატარა ბავშვივით და იძახო “ჩემი” და “მე”. ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს. არ არის აუცილებელი, რომ მიიღო მონაწილეობა, თუ შენ შენი მონაწილეობით კი არ ეხმარები, აზიანებ. ასეთ შემთხვევაში უნდა დაიჭირო ისეთი პოზიცია და მდგომარეობა, რომ საერთო საქმეს თუ ვერ მოეხმარები, არ დააზიანო მაინც,” – აღნიშნა შეხვედრაზე ივანიშვილმა.  

დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩიეს “სახალხო კრების” სათათბირო დარბაზის ახალი სპიკერი, სოსო ჯაჭვლიანი.

“სახალხო კრების” სათათბირო დარბაზის ყოფილი სპიკერი გოგი ქავთარაძე თავი საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებს.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში სპიკერის მოვალებას ნონა გაფრინდაშვილი ასრულებდა. ბატონი გოგი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებს. მას არ დაუფიქსირებია, რომ კრება დატოვა, მაგრამ ის ვერ ათავსებდა თავის საქმიანობას თეატრალურ კავშირსა და კრებაში. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც გადაღებებზე იყო და კრების ღონისძიებებს ვერ ესწრებოდა”, – განმარტა ბურჯანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი