ახალი ამბები

ოჯახში ძალადობისგან დაუცველი დედა-შვილის ისტორია – CEDAW კომიტეტის შეფასება

3 აგვისტო, 2016 • 2111
ოჯახში ძალადობისგან დაუცველი დედა-შვილის ისტორია – CEDAW კომიტეტის შეფასება

ქალთა მიმართ დისიკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ დედა-შვილი (პირობითად X და Y) საქართველომ ვერ დაიცვა  ოჯახში ძალადობისგან და სახელმწიფოს კომპენსაციის გადახადისკენ მოუწოდა

აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა 2015 წლის 13 ივლისის სხდომაზე მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი ელენა ფილეევა, ვინც დედა-შვილს იცავდა კომიტეტის წინაშე, ამბობს, რომ დაზარალებულები უფლებების დარღვევის სიმძიმესთან თანაზომიერი ფინანსური კომპენსაციის გადახდას სახელმწიფოს მოსთხოვენ, თუმცა თანხის ოდებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.

ქალთა მიმართ დისკირმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს დედა-შვილმა მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილობრივ პოლიციაში, პროკურატურაში, ეროვნულ და ევროპის სასამართლოში ვერ დაამტკიცეს, რომ ისინი ოჯახის წევრისგან განიცდიდნენ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას.

კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და, შესაბამისად, დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლის (ბ), (გ), (დ), (ე), (ვ) ქვეპუნქტები, პირველ მუხლთან ერთად და მე-5 (ა) მუხლით გათვალისწინებული უფლებები, ისევე, როგორც კომიტეტის მე-19 ზოგადი რეკომენდაცია.

ინდივიდუალურ სარჩელში, რომლითაც X-მა და Y-მა კომიტეტს მიმართეს, X აცხადებს, რომ თავის ქმარზე 1987 წელს, მას შემდეგ დაქორწინდა, რაც მან ერთ-ერთ წვეულებაზე გააუპატიურა. პატრიარქალური ტრადიციების გათვალისწინებით, იგი იძულებული გახდა ამ კაცზე დაქორწინებულიყო.

მათ 5 შვილი გაუჩნდათ. პირველი ფეხმძიმობის შემდეგ ქალმა მიატოვა თავისი სამსახური მუსიკალურ სკოლაში და საოჯახი საქმით დაკავდა. X აცხადებს, რომ მისი ქმარი ხშირად უკმაყოფილო იყო მისი საქმიანობით, რომ არ სრულდებოდა მისი მითითებები. იგი აგრესიას გამოხატავდა არა მარტო ცოლის, არამედ შვილების მიმართაც.

განმცხადებელი იხსენებს შემთხვევებს, როდესაც ქმარმა შვილები დასაჯა იმ ფორმით, რომ ზამთარში გაყარა სადარბაზოში, კეტავდა აბაზანაში ან სცემდა, ესროდა სხვადასხვა ნივთებს ძალადობას გამოხატავდა საკუთარი ცოლის მიმართაც.

X აცხადებს, რომ ქმარმა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა 1996 წლიდან დაიწყო. ცოლმა პოლიციაში საჩივრებიც შეიტანა, თუმცა უშედეგოდ. 2001 წელს მორიგი კონფლიქტის შემდეგ ქმარმა მას მიაყენა ფიზიკური ჭრილობები თავისა და სახის არეში, რის გამოც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს, დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, თუმცა X-მა საჩივარი გაიტანა, რადგან საქმე მისი შვილების მამას შეეხებოდა.  

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი ელენა ფილეევა, ვინც იცავდა კომიტეტში X-ისა და Y-ის უფლებებს, ამბობს, რომ ქმარი X-ზე ეკონომიკურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

სარჩელის მიხედვით, 2004 წლის 3 ივნისს X-მა კიდევ მიმართა პოლიციას, რომ მის ქმარს აღარ განეხორციელებინა ფიზიკური ძალადობა. პოლიციამ ქმარი ხელწერილის საფუძველზე დაავალდებულა, რომ ძალადობა აღარ გაემეორებინა.

14 დღის შემდეგ, როგორც X აცხადებს, ქმარმა მას კიდევ სცემა და მსუბუქი დაზიანებები მიაყენა, თუმცა პოლიციამ ისევ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა ქმარი იმ პირობით, რომ ცოლს აღარ სცემდა.

საჩივრის შეტანის შემდეგ ქმარი კიდევ უფრო მოძალადე გახდა, X -მა პოლიციას 7 დეკემბერსაც მიმართა. მორიგი საჩივარი მორიგი ხელწერილით დასრულდა.

როგორც მომჩივნები ამბობენ, კაცმა თავისი შვილის, გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობა დაიწყო. X ამბობს, რომ მისმა დედამ, რომელიც 1993 წელს გადმოვიდა მათთან ოჯახში, შეამჩნია, რომ მისი სიძე ხშირად თამაშობდა თავის ქალიშვილთან, რა დროსაც ხელი ეჭირა ფეხებს შორის, ბავშვის სასქესო ორგანოზე. როდესაც X-ის ქალიშვილი დაახლოებით 2 წლის იყო, ბებია ხედავდა, რომ მის სიძეს ბავშვი კალთაზე ესვა და ხელები მის სასქესო ორგანოზე ჰქონდა: აღშფოთებულმა ბებიამ, გაასაჩივრა სიძის ქმედება და ბავშვი წაიყვანა.

კომიტეტის გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ქალიშვილს მამა სცემდა კიდეც, ასევე ფიზიკურად უსწორდებდოდა ერთ-ერთ შვილს -T-ს.

2004 წლის 16 ივნისს, X-მა შეატყობინა რაიონულ პროკურატურას, Y-ის მიმართ მამამისის მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ. ფსიქოლოგის წინაშე, X-მა აღწერა ის ინციდენტები, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ფიზიკური და სექსუალური მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სახით, მუდმივი კონფლიქტი ოჯახში და დაძაბული ატმოსფერო ოჯახის წევრებს შორის ქმრის მოქმედებების შედეგად. ჩვენება ასევე მისცა ვაჟიშვილმა T-მ, იგი აღწერდა იმ შემთხვევებს, რომელიც მოიცავდა მამამისის მიერ მისი და მისი დის ცემას და შევიწროებას.

რაიონულმა პროკურატურამ 30 ივნისს გადაწყვიტა არ აღეძრა სისხლის სამართლის საქმე. გენერალურმა პროკურატურამაც არ აღძრა საქმე რადგან ქმრის ქმედებეში არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.

ამის შემდეგ ქალმა მიმართა რაიონულ სასამართლოს, თუმცა სასამართლომ არ დაკმაყოფილა საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო, რასაც სააპელაციო სასამართლოს საჩივარი მოჰყვა. სააპელაციო სასამართლომაც 2006 წლის 7 თებერვალს არ დააკმაყოფილა საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო.

განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ მათი მდგომარეობა კარგად იყო ცნობილი პოლიციისთვის, მას შემდეგ, რაც განხორციელდა მრავალი კომუნიკაცია “X”-სა და მის ნათესავების მიმართ.

X-მა 2007 წელს მათ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად მათი სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო.

განმცხადებლებმა ამის შემდეგ მიმართეს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს. კომიტეტმა სარჩელი დასაშვებად სცნო 2013 წელს, ხოლო 2015 წლის ივლისში საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო ამ საქმეზე.

2011 წლის 5 სექტემბერს სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი, რომ მორიგებულიყო X-სა და Y-თან, თუმცა განმცხადებლები ამბობენ, რომ სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ეს დავა მოგვარებულიყო.

კომიტეტი თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მან ყველაფერი გააკეთა საქმის გამოსაძიებლად და მიიჩნია, რომ ბავშვები გარკვეულწილად დედისა და ბებიის მიერ იყვნენ იდეოლოგიურად დამუშავებულები, რამაც განაპირობა ის, რომ მათ მამის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

დაკითხვის დროს უმცროსმა ძმამ, ,,A’’-მ, განაცხადა, რომ დედას და ბებიას სურდა მამისათვის ბიზნესის ჩამორთმევა, რათა იქ უფროს ძმას ემუშავა და ოჯახს დახმარებოდა. სახელმწიფოს თანახმად, ეს განცხადება ეჭვებს წარმოშობდა საქმის გარემოებების მიმართ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა საჩივრის ავტორების მიერ წარდგენილ ბრალდებებს, წერია კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უბნის ინსპექტორი დამნაშავეს უბრალოდ ხელწერილს აწერინებდა, რომ მომავალში იგივე ქმედებას აღარ ჩაიდენდა.

“ასეთი ხელწერილები არ იყო სამართლებრივად მბოჭავი და შესაბამისად, არ სრულდებოდა. როდესაც მსხვერპლი დაჟინებით ითხოვდა ძალადობის შესახებ ოფიციალური საჩივრის შეტანას, პროკურატურა ნაცვლად ინციდენტის გამოძიებისა და დამნაშავის დასჯისა, მეუღლეებს შორის მედიატორის როლს კისრულობდა”, – მიიჩნევს კომიტეტი.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სადავოდ არ გაუხდია ეს ბრალდებები, პირიქით, 2011 წლის 5 სექტემბრის წარდგინებებში, სახელმწიფო აღიარებს, რომ როდესაც ძალადობა განხორციელდა, ეროვნული კანონმდებლობა კონვენციასთან ჰარმონიზაციის პროცესში იყო.

სახელმწიფომ, აგრეთვე, აღიარა, რომ გამოძიების ხარვეზებს, რომელიც იმ დროისათვის იდენტიფიცირებადი იყო, შესაძლოა გამოეწვია საჩივრის ავტორების უფლებების დარღვევა.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქმრის მიერ რამდენიმე ხელწერილის დაწერისა, საჩივრის ავტორებისა და სხვა ბავშვების მიმართ ძალადობა გრძელდებოდა, რაც გამოწვეული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობით, – წერს კომიტეტი.

კომიტეტის აღნიშნავს, რომ ,,X’’-ის ადვოკატი მოკლებული იყო შესაძლებლობას შეწინააღმდეგებოდა პროკურორების მიერ სხვადასხვა მოკვლევის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებულ მტკიცების ტვირთთან მიმართებით, ზედმეტად გადაჭარბებული მოთხოვნები იქნა დაკისრებული.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქმის მთლიანობაში გაცნობის შედეგად, ზემოთხსენებული უდავო ფაქტები ცხადყოფენ, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, გაეტარებინა შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები, რომლებიც აკრძალავდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, როგორც ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას.

კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის და მათი შვილებისთვის დროული და ადექვატური დახმარების სისტემა, გააძლიეროს ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ოჯახში ძალადობასთან მიმართებით წარდგენილ იქნეს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, განხორციელდეს ევროპის საბჭოს ,,ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ’’ კონვენციის რატიფიცირება, მოსამართლეთათვის, ადვოკატებისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისათვის, მათ შორის, პროკურორებისათვის, უზრუნველყოფილ იქნას სავალდებულო ტრენინგის ჩატარება ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ კანონის გამოყენების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი