ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი ქორწინების შესახებ რეფერენდუმს?

2 აგვისტო, 2016 • 1910
დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი ქორწინების შესახებ რეფერენდუმს?

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, თავის დასკვნასთან ერთად, რეფერენდუმის დასანიშნად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, კომისია გაეცნო დასკვნას, რომლის თანახმად სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის: ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძის, ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილი მასალები აკმაყოფილებს ორგანული კანონებით დადგენილ მოთხოვნებს:

“აღნიშნულიდან გამომდინარე, ცესკოს დასკვნა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი და მათ მიერ წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ რეგისტრაციაში ცესკომ 12 ივნისს გაატარა (განკარგულება N243/2016).”

როგორც ცესკოში ნეტგაზეთს განუმარტეს, საქართველოს პრეზიდენტმა დასკვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს, დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენამბდე ამბობს, რომ რეფერენდუმის დასანიშნად ქვეყნის იურისდიქციის ნაკლოვანების (ოკუპირებული ტერიტორიების) საკითხი დამაბრკოლებელი არ იქნება, თუმცა სამოქალაქო ქორწინების საკითხზე რეფერენდუმს ის ორი მიზეზის გამო დაუშვებლად მიიჩნევს.

“როდესაც რეფერენდუმი მთელ ტერიტორიაზე ტარდება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სადაც ქვეყნის იურისდიქცია არ მოქმედებს, იქ რეფერენდუმი არ უნდა ჩაატარო. უბრალოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ლოკალური საკითხები გადაწყვიტო რეფერენდუმით ან პირიქით – გლობალური ლოკალურად, ნაციონალური მასშტაბის საქმე ლოკალურ ადგილზე გადაწყვიტო. ეს არის აკრძალული. რეფერენდუმის ჩატარება პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ამ რეფერენდუმს სხვა პრობლემები აქვს, რის გამოც არ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას,” – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

პირველი მიზეზი, რის გამოც არ შეიძლება ამ რეფერენდუმის დანიშნვნა, კონსტიტუციონალისტის აზრით, არის ის, რომ ეს ამცირებს და ზღუდავს ადამიანების უფლებებს:

“ამ შემთხვევაში უფლებების რეალიზაციაზე და ქორწინების უფლებების შეზღუდვაზეა რეფერენდუმი. კონსტიტუციის მიხედვით, იმ საკითხზე, რომელიც ადამიანის უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს.”

მეორე მიზეზი, თუ რის გამოც არ უნდა ჩატარდეს სამოქალაქო ქორწინების შესახებ რეფერენდუმი, მისი თქმით, არის ის, რომ კონსტიტუციაში ისედაც განსაზღვრულია ეს საკითხი და მის შესაცვლელად არ შეიძლება პარლამენტის იძულება რეფერენდუმის გზით.

“როდესაც ჩატარდება რეფერენდუმი, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სავალდებულო იქნება მისი აღსრულება. ეს რეფერენდუმი ისეთ საკითხზეა დაყენებული, რომელიც კონსტიტუციით რეგულირდება. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი, რომელიც მხოლოდ პარლამენტს შეუძლია. თუ რეფერნდუმი ჩატარდება და კითხვას დადებითი პასუხი გაეცემა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიტანოთ და ეს სავალდებულო იქნება პარლამენტისთვის. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, არ შეიძლება კონსტიტუციის შეცვლა სხვა წესით, გარდა პარლამენტით გათვალისწინებული წესისა. შესაბამისად, რეფერენდუმით არ შეიძლება გადაწყვიტო ისეთი საკითხი, რომელიც კონსტიტუციით არის დარეგულირებული. ანუ, რეფერენდუმით ვერ შეიტან კონსტიტუციაში ცვლილებებს და ეს რეფერენდუმი ისეთ საკითხზეა ინიცირებული, მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი იძულებული იქნება შეიტანოს ცვლილებები. ჩვენი კონსტიტუციით კი პარლამენტის იძულება რეფერენდუმის გზით არ არის დაშვებული,” – ამბობს მენაბდე.

როგორც კონსტიტუციონალისტი ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს, რეფერენდუმი არ არის ერთიანი სტანდარტი და ის არაერთ საკითხზე შეიძლება გაიმართოს: “დაწყებული იმით, უნდა აშენდეს თუ არა კონკრეტული შენობა რომელიმე ქალაქში და დამთავრებული, გამოვეყოთ/შევუერთდეთ თუ არა რომელიმე სახელმწიფოს. ზოგიერთ ქვეყანაში კონსტიტუციასაც კი ცვლიან რეფერენდუმით.”

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის 99%-სთვის”ერთსქესიანი ქორწინება” მიუღებელია, თუმცა კანონმდებლობაში ეს საკითხი უკვე გაწერილია, ხოლო პარლამენტში არსებობს კონსესუსი. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ 2016 წლის 5 მაისს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას ისაუბრა

როგორც პრეზიდენტმა მოსწავლეებს უთხრა, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ამ თემას არავითარი ვნებათაღელვა გააჩნია და ამის ირგვლივ არაფერი ხდება. მისი თქმით, როდესაც ის წარსულზე, განსაკუთრებულ ადამიანებზე ფიქრობს, ხედავს ტოლერანტობის უპრეცედენტო მაგალითებს, რომლებიც გააკვირვებს კაცობრიობას თავისი ჰუმანურობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი