ახალი ამბები

საქართველოში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით იორდანიიდან და ირანიდან გაიზარდა

2 აგვისტო, 2016 • 3014
საქართველოში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით იორდანიიდან და ირანიდან გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში 3,400,335 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტია, რაც, მათი შეფასებით, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა.

ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 2 აგვისტოს სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” პრესკონფერენცია გამართა.

მისი ცნობით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,401,914 შეადგინა, რაც 208,436-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +17.5%).

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2016 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში ვიზიტორები შემოვიდნენ: აზერბაიჯანიდან (+15.1%), თურქეთიდან (+1.6%), სომხეთიდან (-0.8%), რუსეთიდან (10.6%) და უკრაინიდან (+24.3%).

ჩოგოვაძის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამომსვლელების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოირჩნენ: სლოვაკეთი (+32.8%), ლატვია (+25.1), უნგრეთი (21.4%), ჩეხეთი (+19.5%) და იტალია (+16.5%). მისი ცნობით, განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია (+472%), ირანი (+457%), პაკისტანი (+455%), ინდოეთი (+347%), შრი-ლანკა *+239%), სირია (+190%), ფილიპინები (+186), ეგვიპტე (+176%) და ომანი (+163%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზენტაცია, 2016 წლის 2 აგვისტო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკა. 2 აგვისტო, 2016 წ.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რეკორდული გამოდგა ივლისის თვეც: “2016 წლის ივლისის თვის მონაცემებით, საქართველოს 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 26,124-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – ზრდა +3.5%-ია.”

მისი ინფორმაციით, ივლისის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 390,234 შეადგინა, რაც 53,368-ით მეტია 2015 წლის ივლისის მაჩვენებელზე 9ზრდა +15.8%).

სტატისტიკის მიხედვით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩნენ: გერმანია +18%, ლიტვა 17%, საბერძნეთი 14%, და გაერთიანებული სამეფო 12%. გიორგი ჩგოვაძის განცხადებით, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +575%, სირია +453%, ინდოეთი +368%, ეგვიპტე +263, და საუდის არაბეთ +112%.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის პირველი კვარტლში შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ დოლარს (ზრდა +15.7%), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია. მისი თქმით, 2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი