ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციოს მოსამართლეების განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

1 აგვისტო, 2016 • 1725
მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციოს მოსამართლეების განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაზე სარჩელების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

“ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ხუთი მოსამართლის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარი იყო სარჩელის შეცვლაზე იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მოთხოვნის დამატება, რაც კანონით დაუშვებელია. დღეს ვნახეთ განცხადება, რომელიც, ფაქტობრივად, ადასტურებს ცვილელებს სარჩელებში, თუმცა აქ არის მცდელობაზე საუბარი და მცდელობა არის ყურადღების ტექნიკურ საკითხებზე გადატანის”.

საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმის სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის და მოსამართლე მერაბ ტურავას განცხადებებს გამოეხმაურა. მოსამართლეების თქმით, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია “კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით” განხორციელდა.

“ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს ამ საკითხების ისეთ სფეროში გადატანის მცდელობას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არ დაურღვევიათ კანონი, არ არის საგანგაშო. საქართველოში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.

29 ივლისს “პრაიმტაიმმა” საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი წევრის [სულ 9 წევრია]: ზაზა თავაძის, ლალი ფაფიაშვილის, თამაზ ცაბუტაშვილის, ოთარ სიჭინავას და მერაბ ტურავას წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავენ. წერილის მიხედვით, მოსამართლეები აპროტესტებენ ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვას, მაშინ, როდესაც უფრო ადრე შესულ საქმეებზე მათი თქმით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“თუ 5 მოსამართლის განცხადებაში  ეჭვის შეტანის საფუძველი არსებობდა, მაშინ პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, – რატომ არ დაიწყო ამაზე შემოწმება”? – კითხულობს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, საკითხით დაინტერესდნენ.

მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის, განცხადებებსაც გამოეხმაურა და “ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა” უწოდა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვნახეთ რამდენიმე განცხადება პაპუაშვილის, რაზეც მყისიერი რეაგირება იყო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ჩვენ ვნახეთ რამდენიმედღიანი კამპანია, რომლის მიხედვითად ქარიშხალი ჭიქაში ატყდა და რეალურად არაფერი არ ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ვერ დაასახელა ის მოსამართლე, ვისზეც ხორციელდებოდა ზეწოლა. ამის შემდეგ ვნახეთ ხუთი მოსამართლის განცადება, რომელიც ძალიან საგანგაშო იყო და ჯერჯერობით ამას შესაბამისი ადეკვატური რეაქციები არ მოჰყოლია”, – აცხადებს მდინარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი