ახალი ამბები

ე.წ “ისლამური სახელმწიფო” საკუთარ მებრძოლებს რუსეთში ჯიჰადისკენ მოუწოდებს

1 აგვისტო, 2016 • 1200
ე.წ “ისლამური სახელმწიფო” საკუთარ მებრძოლებს რუსეთში ჯიჰადისკენ მოუწოდებს

ტერორისტული დაჯგუფება, ე.წ. “ისლამური სახელმწიფო” (ISIS), საკუთარ მებრძოლებს რუსეთში ჯიჰადისაკენ (“საღვთო ომისკენ”) მოუწოდებს.

“გვისმინე, პუტინო, ჩვენ მოვალთ რუსეთში და საკუთარ სახლებში ამოგხოცავთ… ო, ძმებო, დაიწყეთ საღვთო ომი და ებრძოლეთ მათ”, – ამბობს ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც 9-წუთიან ვიდეოში ჩანს. ვიდეო სოციალურ ქსელ “იუტუბზე” გავრცელდა.

როიტერსის ცნობით, ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე ვიდეოს ავთენტურობის დადგენა შეუძლებელი იყო, თუმცა ვიდეოს ბმული სოციალურ ქსელ “ტელეგრამის” იმ ანგარიშზე იყო მითითებული, რომელსაც ე.წ “ისლამური სახელმწიფო” იყენებს.

როიტერსის ცნობითვე, გაურკვეველია, თუ რატომ ამოიღო ISIS-მა მიზანში რუსეთი, თუმცა, როიტერსის მიხედვით, რუსეთი და ა.შშ გეგმავენ სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობის გაძლიერებას ტერორისტული დაჯგუფებების, ISIS-სა ალ-ყაიდას წინააღმდეგ.

“ისლამური სახელმწიფო” შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც ევროპაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მომხდარი სასიკვდილო თავდასხმების ორგანიზატორია. გასულ კვირას ISIS-ის მხარდამჭერებმა აიძულეს ხანშიშესულ კათოლიკე მღვდელს, მუხლებზე დამდგარიყო, შემდეგ კი ყელი გამოჭრეს. ნიცაში 14 ივლისს სატვირთო ავტომობილის მიერ ათობით ადიამიანის დახოცვის შემდეგ, გერმანიაში 4 ინციდენტი მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი