ქუთაისში კონტროლის პალატამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების დაკითხვა დღეს დილიდან განაახლა. გუშინ მათ მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ 13 წევრი და იმ სახლის მეპატრონე დაიკითხა, ვისგანაც „ქართულმა ოცნებამ“ საოფისე ფართი იქირავა. “რესპუბლიკური პარტიიდან” დღეს შვიდი კაცია დასაკითხად დაბარებული. კონტროლის პალატის წარმომადგენლები ყველა იმ დეტალით ინტერესდებიან, რაც “ქართულ ოცნებას” ეხება.
„ჩვენი კოალიციის წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ ბრალი ედებათ ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობისთვის. იქ მისულებს ამ ბრალდებას საერთოდ არ უხსენებენ და კითხვებს პარტიასთან დაკავშირებით უსვამენ. ვინ მიგიყვანათ პარტიაში, რატომ გაწევრიანდით, ხელფსს თუ გაძლევენ და სხვა.“ – აცხადებს „ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი კახა დვალიშვილი.
დაკითხვიდან გამოსული ეკა კაშია ამბობს, რომ ოჯახის წევრებით დაწყებული – მისი საქმიანობით დამთავრებული, ყველაფერზე დაუსვეს კითხვები:
“ბოლოს მითხრეს, არ გვჯერა რომ ხელმოწერებს არ აგროვებდი და ფულს არ იღებდიო. მე კიდევ ერთხელ უარვყავი ეს საკითხი. მაშინ მკითხეს, თუ ამ ყველაფერს არ აკეთებდი, აქ რა გინდაო?! ვუთხარი, მეც ეგ მაინტერესებს და იქნებ გამარკვიოთ-მეთქი. ამ დროს ერთმა მაგიდაზე ხელი დაარტყა და მითხრა, პროკურატურაში პრობლემები რომ შეგექმნება, იქ ილაპარაკე ეგრე ყოჩაღადო”.
კონტროლის პალატამ უკვე დაასრულა “რესპუბლიკური პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, თამთა სვანიძის დაკითხვა.
„მეკითხებოდნენ, პარტრიის წევრი რამდენი წელია, რაც ვარ, რა ურთიერთობა მაქვს ხელმძღვანელ ნატო ქათამაძესთან, რა თემებზე ვლაპარაკობთ პარტიაში, დედაჩემი და მამაჩემი რას საქმიანობენ, ბიძინას მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხელმოწერებს თუ ვაგროვებდი. რახან საიას ადვოკატი ესწრებოდა ჩემს დაკითხვას, უხეშობით არ გამოირჩოდნენ,“- ამბობს თამთა სვანიძე.
მომხდართან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში სპეციალური განცხადება გაავრცელეს. იურისტ ნინო თვალთვაძის თქმით, საია-ს კონტროლის პალატაში დაბარებული 21 ადამიანიდან ექვსმა მიმართა და მათი ადვოკატები დაკითხვის პროცესს ესწრებიან. ეს პროცესები კანონდარღვევით მიმდინარეობს – აღნიშნავს ის.
კონტროლის პალატა „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკითხვას უკვე მეორე დღეა, რაც აგრძელებს. დღეს ქუთაისში დასაკითხად 7 ადამიანი დაიბარეს, თუმცა ერთი მათგანი თბილისში ცხოვრობს და ცენტრალურ ოფისში მოუწევს მისვლა. დანარჩნი ექვსიდან 3 მათგანი უკვე დაიკითხა, 3 კი ახლაც კონტროლის პალატაში იმყოფება. ეს პროცესი, ქუთაისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.