ახალი ამბები

საყოველთაო დაკითხვა

13 მარტი, 2012 •
საყოველთაო დაკითხვა

ბოლო სამი დღეა, რაც კონტროლის პალატის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” აქტივისტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში კითხავენ. დაკითხვა გამგეობებისა და მუნიციპალიტეტის შენობებში მიმდინარეობს. პარალელურად გამგეობის შენობებთან მობილიზებულია პოლიცია, რომლებიც დასაკითხავ ოთახში არავის უშვებენ.

უწყება, რომელიც “ქართული ოცნების” აქტივისტებს დაურიგდათ და ურიგდებათ დაკითხვაზე დაბარების შესატყობინებლად, ერთი შინარსისაა და მასში შემდეგია აღნიშნული:

“საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინასური მონიტორინგის სამსახურში პოლიტიკური  სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა–განმარტების მისაცემად.”

ხელს კი აღნიშნულ უწყებას საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი აწერს.    

დასაკითხად დაბარებული ადამიანები არიან ისინი, ვინც ბოლო თვეების მანძილზე „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ და აგროვებდნენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მხარდამჭერ ხელმოწერებს.

“ქართული ოცნების” აქტივისტები დაკითხეს ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, საგარეჯოში, ზუგდიდში.

როგორ და რა ფორმით კითხავს კონტროლის პალატა “ქართული ოცნების” აქტივისტებს?   

ერთ–ერთი დაკითხულის, ლანჩხუთის რესპუბლიკური პარტიის წევრის ლილი ებრალიძის განცხადებით, ხუთსაათიანი დაკითხვა “ქართული ოცნების” გაზეთების დარიგებას და ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკვშირებული ხელმოწერების შეგროვებას შეეხო.    

“თავიდანვე, როდესაც იქ ავედი, გამჩხრიკეს. იყო მობილიზებული პოლიცია კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან ერთად. დაკითხვის თემა შეეხო ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებულ ხელმოწერებს, ასევე, “ქართული ოცნების” გაზეთის დარიგებას. იყო კითხვები, ვინ არიგებდა და როდის ამ გაზეთებს. მეკითხებოდნენ, ოფისში ძირითადად რამდენი კაცი დადიოდა დღიურად, ვისთვის დადიოდნენ, ვის დაჰქონდა და ავრცელებდა გაზეთებს ჩვენ გარდა, რამდენი გაზეთი მოდიოდა და ვის მოჰქონდა. რამდენს იღებთ თანხას ამ გაზეთების დარიგებაში,” – აღნიშნა ებრალიძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნატო ქათამაძის განცხადებით, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ამირანაშვილის ხელმოწერით უწყება ქუთაისში თოთხმეტმა ადამიანმა მიიღო, მათგან 13 “რესპუბლიკური პარტიის” აქტივისტია, ხოლო 1 – იმ სახლის მეპატრონე, ვისგანაც “ქართულმა ოცნებამ” საოფისე ფართი იქირავა ქუთაისში.

“არც ერთ მათგანს, რომლებიც არიან დაბარებულები კონტროლი პალატაში, არანაირი შემოწირულობა არ გაუკეთებია პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე. უფრო მეტიც, ისინი არ არიან პარტიის აქტიური წევრები. დაბარებულთაგან 2  თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომლებსაც მხოლოდ ის “დანაშაული” აქვთ, რომ 2011 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურ თამაშებში “ახალგაზრდა რესპუბლიკელების” სახელით და 9:2 დაამარცხეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გუნდი,” – აცხადებს ნატო ქათამაძე.

ორსაათიანი დაკითხვიდან გამოსული 19 წლის სტუდენტი, ქუთაისელი თეონა ფხაკაძე იხსენებს იმ დეტალებს, რაც მას დაკითხვისას დაუსვეს (ის ქუთაისში ირაკლი აბაშიძის #22-ში, კონტროლის პალატაში დაიბარეს). 

“ჯერ მისვამდნენ კითხვებს, ვარ თუ არა პარტიის წევრი, ვუთხარი, რომ არ ვარ წევრი და ვკითხე, რის მიხედვით ამირჩიეს და გამომიგზავნეს უწყება, რაზეც მითხრეს, რომ ასეთი პასუხი, რომ ცალსახად ამის გამო ამირჩიეს, არ ყოფილა. შემდეგ დამისვეს კითხვები პოლიტიკური თამაშებიდან, როგორ მოხვდი, ვინ დაგირეკა, თუ დაგერიცხათ ფული, თუ შემოგთავაზეს, რომ გამხდარიყავით პარტიის წევრი. მკითხეს, რამდენჯერ ვიყავი “რესპუბლიკური პარტიის” ოფისში ნამყოფი, “ქართული ოცნების” ოფისში თუ იყავითო, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობაზე ხელმოწერები თუ შეაგროვეო”, –  უთხრა “ნეტგაზეთს” თეონა ფხაკაძემ.

რესპუბლიკური პარტიის” წევრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან კობა ბექტაშვილი ამბობს, რომ მან კონტროლის პალატას ახსნა-განმარტება წერილობით ჩააბარა.

“მითხრეს, ასეა საჭიროო და მეც დავწერე. არაფერი მაქვს დასამალი. დეკემბრის თვეში ვმუშაობდი ხელმოწერებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას შეეხება. ამ სამუშაოსთვის კი ხელშეკრულების საფუძველზე გადამიხადეს. ერთი ხელმოწერა ღირდა 50 თეთრი, მე ბევრი არ შემიგროვებია, ამიტომ 80 ლარი გადამიხადეს”, – განაცხადა ბექტაშვილმა.

კონტროლის პალატამ გუშინდელი მონაცემებით 10 ადამიანი ქობულეთშიც დაკითხა.

“რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წევრი მაია ღურწკაია ზუგდიდის გამგეობის შენობის მეოთხე სართულზე ორი საათის მანძილზე აძლევდა ახსნა-განმარტებას კონტროლის პალატის წარმომადგენლებს:  

“მკითხეს, რამდენი ავიღე ხელფასი, რამდენი ხელმოწერა შევაგროვე დეკემბერის თვეში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, რამდენი გადამიხადეს ამაში, რა ტიპის აგიტაციას ვეწეოდი და რას ვპირდებოდი იმ ადამიანებს, ვინც აწერდა ხელს, რა შემოსავალი მაქვს ოჯახში, სად მუშაობს დედაჩემი, ჩემი ძმა და ა.შ.” – ეს ის შეკითხვებია, რაზეც, როგორც მაია ღურწკაია ამბობს, კონტროლის პალატის წარმომადგენლების ითხოვდნენ მისგან პასუხებს.

დაკითხვისას კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან მუქარის ფაქტებიც დაფიქსირდა.

ერთ–ერთი დაკითხულის, ლილი ებრალიძის განცხადებით, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან 5 საათის განმავლობაში.

“დაჭერითაც დამემუქრნენ. ასეთი რამ მითხრეს– “პაგონებიანი მოვა და ისინი დაგელაპარაკებიანო, მე ვუთხარი, მცემენ და ისე დამელაპარაკებიან, არაო, უფრო სხვა თანამედროვე მეთოდები არსებობსო,” – ასე განმიცხადა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა, ვინმე კახა საჯაიამ,” – განაცხადა ებრალიძემ.

დაშინების მცდელობისა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს რესპუბლიკური პარტიის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრი, მუბარიზ მამედოვი, რომელიც საგარეჯოს რაიონის გამგეობაში სამსაათიან დაკითხვაზე იმყოფებოდა.  

“ჩემს დაშინებას ცდილობდნენ, მითხრეს, შენ წახვალ ციხეში და შენი შვილები უპატრონოდ დარჩებიან, შენ კი ციხეში მოგკლავენო. ხელი მოგვიწერე ოქმზეო. ვუთხარი, რომ არ მოვაწერდი ხელს. ოქმი მომეცით, ჩემს ადვოკატს ვაჩვენებ– მეთქი. არა, არ ვატანთ ოქმებსო. მაშინ მე აღარ ვაპირებ– მეთქი კამათს. საბოლოოდ, ოქმს არ მოვაწერე მაინც,” – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში მუბარიზ მამედოვი.

კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ რეგიონებში კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების დაკითხვასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა. როგორც მან “პალიტრა ტივი”–სთან კომენტარში აღნიშნა,

“რეგიონებში ხდება ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარმოდგენილი”, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

რამდენად სწორი ფორმით მიმდინარეობს რეგიონებში პიროვნებების დაბარება, დაკითხვის პროცესი, კონტროლის პალატა ჯერ–ჯერობით ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას  შეფასებით, (იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება) იკვეთება კანონის აშკარა დარღვევა და კონტროლის პალატის მხრიდან ფუნქციების გადაჭარბება.

“ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე ეცნობოდნენ და ეცნობიან სიტუააციას. მათზე და მედიის ინფორმაციებზე დაყრდნობით ვიცი, რომ დილით მთელი რიგი პრობლემები იყო ადვოკატების დაშვებასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, კანონის დარღვევაა. იმიტომ, რომ სრული უფლება აქვს ადამიანს, რომ დაკითხვა ჩატარდეს ადვოკატის თანდასწრებით. გარდა ამისა, თვითონ დაკითხვის ფორმაც იყო საკმაოდ დამაშინებელი. წერილებიც იმგვარად იყო შედგენილი, რომ გაურკვევლობას ქმნიდა. არ იყო ოფიციალური. არც რეგისტრაციის ნომერი იყო მინიშნებული, არც თარიღი. ცალკეულ შემთხვევებში არ იყო მითითებული, რომელ ქალაქში იბარებდნენ, რის გამოც ხალხი გაურკვევლობაში იყო”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” ლომჯარია.

მისი შეფასებით, ძალიან დამთრგუნველი გარემოა შექმნილი დაკითხვისთვის.  

“პოლიციის წარმომადგენლები არიან იქ და აკონტროლებენ, ძალიან დამთრგუნველი გარემოა. იქიდან გამომდინარე, რამდენადაც ვიცით, ასეთი გარემოს შექმნა ნამდვილად არ იყო საჭირო. უფრო მშვიდ ვითარებაში უნდა წასულიყო და ადამიანების დაშინება რომ არ მომხდარიყო, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა,” – მიიჩნევს ლომჯარია.

კითხვაზე, ხომ არ გასცდა კონტროლის პალატა საკუთარ უფლებამოსილებას, ლომჯარიას შეფასებით, ეს სახეზეა.  

“ფორმა არის მიუღებელი. შეიძლება კონტროლის პალატას აინტერესებდეს პიროვნებისგან, იღებს თუ არა ის ვინმე პირისგან დაფინანსებას. თუმცა შეიძლება, რომ ის მოხალისეობრივ ნიადაგზე აკეთებდა ამას, რაც დასაშვებია. ზოგიერთი შეკითხვის ფორმა, რამდენი ხელმოწერა შეაგროვეთ, კონტროლის პალატის არანაირ კომპეტენციაში არ შედის. ეს ორგანო უნდა ინტერესდებოდეს მხოლოდ ფულადი ტრანსაქციებით, აიღეს თუ არა მათ ხელფასი, ფულადი დახმარება და ა.შ. და არა ის, ვინ რამდენი ხელმოწერა შეაგროვა და ვინ ავრცელებდა გაზეთებს,” – განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული იმ ფაქტის შესახებ, რის თაობაზედაც ხდება მათი დაბარება ახსნა – განმარტების ჩამოსართმევად. უფრო მეტიც, თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლებით. პროცესი უნდა იყოს საჯარო და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.  ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, მისცეს თითოეულ მოქალაქეს დაცული უფლების რეალიზების საშუალება.

საია მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატას, ობიექტურობის და საჯაროონის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოს თოთოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა.

ამავე თემაზე:

როგორ კითხავს კონტროლის პალატა “ქართული ოცნების” წევრებს

ფოთელების ნაწილი კონტროლის პალატაში არ გამოცხადდება

ღურწკაია: კონტროლის პალატასთან გასაუბრებამდე გამჩხრიკეს [Audio]

ქუთაისელი “რესპუბლიკელები” ახსნა-განმარტებებს აძლევენ კონტროლის პალატაში

როგორ კითხავს კონტროლის პალატა “ქართული ოცნების” წევრებს

რა განმარტებები მოსთხოვეს “ქართული ოცნების” აქტივისტებს აჭარაში

რას ეკითხებიან კონტროლის პალატაში დაბარებულ მოქალაქეებს ქუთაისში [Audio]

მუბარიზ მამედოვი: “ქვეყნიდან გაგდებით მაშინებდნენ”

საია კონტროლის პალატას დაკითხვაზე მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს










მასალების გადაბეჭდვის წესი