ახალი ამბები

წყალტუბოში “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა

13 მარტი, 2012 •
წყალტუბოში “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა

ქართული ოცნების ოფისის გახსნა წყალტუბოში
ქართული ოცნების ოფისის გახსნა წყალტუბოში

დღეს წყალტუბოში კოალიცია “ქართული ოცნების” რეგიონული ოფისი კოალიციის წარმომადგენლებმა– გია ცაგარეიშვილმა და ლაშა ჩხარტიშვილმა გახსნეს.

“წყალტუბო ძალიან დიდი რაიონია, ზედა ზონის სოფლებში განსაკუთრებით მოგვიწევს ძალიან დიდი სამუშაოების ჩატარება. ყველა სოფელში, ყველა უბანში ვაპირებთ შესვლას. გაიმართება პარტიული სტრუქტურა სრულად ამ რაიონში და მეზობელი რაიონები გაამაგრებენ და გაამყარებენ მათ,“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

წყალტუბოს ოფისის ხელმძღვანელად ჯეირან ლიპარტელიანი დაინიშნა. როგორც მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, მას პოლიტიკური წარსული არ ჰქონია, პროფესიით ინჟინერია და წლების მანძილზე შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა.

“მაქვს ხალხთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება, შემიძლია ხალხი დავრაზმო. იმედი მაქვს, რომ ამ საქმის კეთებაში დამეხმარება ის ხალხი და აქტივი, რომელიც ჩვენ გვყავს. წყალტუბოს მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ გადავუწყვეტთ ყველა პრობლემას,“ – განაცხადა ლიპარტელიანმა.

როგორც პრეზენტაციაზე გაჟღერდა, წყალტუბოში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრას ახლო მომავალში პირადად ბიძინა ივანიშვილი გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი