ახალი ამბები

ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილ და უმისამართო ამომრჩევლებს მიმართავს

28 ივლისი, 2016 • 1443
ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილ  და უმისამართო ამომრჩევლებს მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს იმ ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:

“იმისათვის, რომ მათ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან მათ შეუძლიათ მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი”.

ცესკომ 28 ივლისს განაცხადა, რომ რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლდებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიიღებენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამ დღეს საპარლამენტოსთან ერთად აჭარის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი