ახალი ამბები

პრემიერი გიორგი პაპუაშვილს დღეს 20:00 საათზე შეხვდება

27 ივლისი, 2016 • 1641
პრემიერი გიორგი პაპუაშვილს დღეს 20:00 საათზე შეხვდება

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს დღეს, 20:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება.

მათი ცნობით, მთავრობის მეთაური მზად არის, მოუსმინოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა, კვირიკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრით დღის წესრიგიდან არ იხსნება გიორგი პაპუაშვილის თანამშრომლობის აუცილებლობა პროკურატურასთან, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

პრემიერის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოზიტიურ როლს არ ასრულებს სასამართლოს იმიჯისა და ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ინსტიტუციების დისკრედიტაცია და ყველა ადამიანს, თანამდებობის მიუხედავად, ინსტიტუციების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროკურატურა არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ექვემდებარება: “ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მეთაური ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სურვილს შეხვედრის შესახებ და მის მოსასმენად მზად არის.”

გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში დღეს, 27 ივლისს, 13:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იქ არ გამოცხადდა. პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ზეწოლის შესახებ პაპუაშვილისა და მარგველაშვილის განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება 26 ივლისს დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი