ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-მდე შეამცირა

27 ივლისი, 2016 • 2796
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 27 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 7%-დან 6.75%-მდე შემცირების შესახებ.

ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა. როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, პროგნოზის შესაბამისად, თუკი ეკონომიკაზე მოქმედი სხვა ფაქტორები არ გამოიკვეთება, მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საშუალოვადიან პერიოდში 6%-მდე შემცირება.

როგორც 27 ივლისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 1.1% შეადგინა. ეროვნული ბანკის შეფასებით, აღნიშნული, დიდწილად, “ინფლაციური მოლოდინების შემცირებითა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის და სურსათის შემცირებული ფასების მოსალოდნელზე მეტად გადმოცემით” არის განპირობებული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის კლებაზე მნიშნვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე საბაზო ეფექტის ამოწურვას. ფასებზე შემცირების მიმარტულებით მოქმედებს სუსტი ეროვნული მოთხოვნა. მიმდინარე პროგნოზით ინფლაცია მომდევნო კვარტლებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი