ცესკოში “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” მიმართ ISFED-ის საჩივარი არ დააკმაყოფილეს

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ააიპ “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი”, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აზრით, წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობდა, საქველმოქმედო ორგანიზაციად არ მიიჩნია. ცესკოში ჩათვალეს, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის გამოც საქმის წარმოება შეწყდა.

“საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია ის სუბიექტები, რომლებსაც კანონის მიხედვით, აგიტაციაში მონაწილეობის მიღებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის უფლება არ აქვთ. მათგან ჩამონათვალში არის მითითებული საქველმოქმედო ორგანიზაციაც. საარჩევნო ადმინისტრაციამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არ დადგინა გარემოება, რომ აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას საკუთარი იურიდიული სტატუსიდან გამომდინარე”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” ცესკოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებში” კი მიაჩნდათ, რომ ორგანიზაცია “ქართული ოცნება – ჯამრთელი მომავალი”, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, საქველმოქმედო ორგანიზაციაა და ამ საქმიანობას პარტია “ქართული ოცნების” სიმბოლიკის ქვეშ ახორციელებს.

“ცესკომ “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” საქველმოქმედო ორგანიზაციად არ მიიჩნია, ვინაიდან იგი საგადასახადო ორგანოში საქველმოქმედო ორგანიზაციად არ იყო რეგისტრირებული, რაც, ჩვენი აზრით, არასწორია”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას ISFED-ის იურისტი ნინო რიჟამაძე და დასძენს, რომ საარჩევნო მიზნებისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციად უნდა განესაზღვრა ის ორგანიზაცია, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს.

30 ივნისს თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზაციის ,,ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელის – ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოეწყო და მასში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ამბობენ, ააიპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალის” ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე, ორგანიზაციის ლოგო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ ლოგოს ანალოგიური იყო, ხოლო ორგანიზაციის მიერ ფეისბუქ-გვერდზე გამოყენებული სახელი – „ქართული ოცნება“ პარტიის სიმბოლიკის აღმნიშვნელი. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ საქმიანობას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს სასარგებლოდ ახორციელებდა.

ISFED-ში მიაჩნიათ, რომ ორგანიზაცია დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, რასაც, მათი თქმით, ადასტურებს არაერთი მედია სიუჟეტი, რომლის მოძიებაც ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც არის შესაძლებელი. “სამართლიან არჩევნებში” მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული ფაქტი ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. წინასაარჩევნო აგიტაცია კი, კანონის თანახმად განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ქმედება, რაც ხელს უწყობს საარჩევნო სუბიექტის არჩევას.

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის – რიმა ბერაძისა და ააიპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” მიერ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება შეიცავდა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, რაც აკრძალულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 252 მუხლით.

ცესკოში ასევე ამბობენ, რომ არ დადასტურდა, რომ აღნიშნული ღონისძიების გასატარებლად გამოყენებული იყო საქართველოს ბიუჯეტით განსაზღვრული თანხები – “არ დადასტურა ფაქტი, რომ აღნიშნული ღონისძიება ტარდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით და ვინაიდან არ არსებობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, შეწყდა საქმის წარმოება”, – ამბობენ საარჩევნო ადმინისტრაციაში.

“სამართლიან არჩევნებში” ცესკოს მიღებულ გადაწყვეტილებას საშიშ პრეცენდენტად აფასებენ: “აღნიშნული წაახალისებს პოლიტიკურ პარტიებს, დააფუძნონ არასამთავრობო ორგანიზაციები და შემდგომ მათ პარტიის სახელით განახორციელონ ქველმოქმედება, რაც წარმოადგენს პოლიტიკური კორუფციის საშიშ ფორმას და საშიშია წინასაარჩევნო პერიოდში”, – ამბობს “სამართლიანი არჩევნების” იურისტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com