ახალი ამბები

აფხაზეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

12 მარტი, 2012 •
აფხაზეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები განმეორებით ჩატარდება. 10 მარტის არჩევნებმა დე ფაქტო რესპუბლიკაში 35 საარჩევნო ოლქიდან მხოლოდ 13 საარჩევნო ოლქში გამოავლინა გამარჯვებული.

დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში 35 ადგილის მოსაპოვებლად არჩევნებში მონაწილეობას სულ 148 კანდიდატი იღებდა. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 44% იყო, რაც საკმარისია, რადგან აფხაზური კანონით, არჩევნები რომ ჩატარებულად ჩაითვალოს, აქტოვობა 25% მაინც უნდა იყოს.

ხმის მიცემის მეორე ტური აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში 22 საარჩევნო ოლქში გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 148 კანდიდატიდან 114 მათგანი მოქალაქეთა საინიციატოვო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი, დანარჩენები კი – პარტიების.

დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობენ: სახელისუფლებო პარტია ”ერთიანი აფხაზეთი,” ოპოზიციური ”აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი,” ასევე ”კომუნისტური” და ”ეკონომიკური განვითარების” პარტიები.

აფხაზურ არჩევნებს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები სხვა არაღიარებული რესპუბლიკებიდან, მათ შორის, სამხრეთ ოსეთიდან და დნესტრისპირეთიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი