დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში 35 ადგილის მოსაპოვებლად არჩევნებში მონაწილეობას სულ 148 კანდიდატი იღებდა. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 44% იყო, რაც საკმარისია, რადგან აფხაზური კანონით, არჩევნები რომ ჩატარებულად ჩაითვალოს, აქტოვობა 25% მაინც უნდა იყოს.
ხმის მიცემის მეორე ტური აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში 22 საარჩევნო ოლქში გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 148 კანდიდატიდან 114 მათგანი მოქალაქეთა საინიციატოვო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი, დანარჩენები კი – პარტიების.
დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობენ: სახელისუფლებო პარტია ”ერთიანი აფხაზეთი,” ოპოზიციური ”აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი,” ასევე ”კომუნისტური” და ”ეკონომიკური განვითარების” პარტიები.
აფხაზურ არჩევნებს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები სხვა არაღიარებული რესპუბლიკებიდან, მათ შორის, სამხრეთ ოსეთიდან და დნესტრისპირეთიდან.
