აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. წელს დაახლოებით 650-მდე ოჯახი აჭარაში საცხოვრებელ ფართობებს საკუთრებაში მიიღებს. ეს პროგრამები ბიუჯეტში მოულოდნელად ერთ დღეში გაჩნდა.
კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ შესული ცვლილების თანახმად, პოლიტიკურ სუბიექტებს თანხის ხარჯვა ეზღუდებათ და ქველმოქმედება ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნევა, მაგრამ შეზღუდვა არ ეხება ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ პროგრამებს.
არჩევნების თარიღი ჯერ ოფიციალურად დანიშნული არ არის, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ წელს განსაკუთრებით გულუხვია. 2012 წელს აჭარის მთავრობამ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, აჭარაში ეკომიგრანტთა 20-წლიანი პრობლემა საბოლოოდ მოაგვაროს. ბათუმის მერიამ კი 2008 წელს გაცემული წინასაარჩევნო დაპირება – „ბათუმი ბარაკების გარეშე” – გადაწყვიტა წელს შეასრულოს, ოღონდ არა მერიის საბინაო ფონდის, არამედ სოციალური პროგრამის ფარგლებში.
ბათუმის ბიუჯეტში სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტმა ბოლო 8 წლის განმავლობაში წელს, პირველად, დაახლოებით 10 მილიონ ლარს მიაღწია. ბიუჯეტის განხილვის წინა 2-თვიან პერიოდში ეს თანხა მხოლოდ 2 მილიონამდე ლარი იყო. 30 დეკემბერს, ბიუჯეტის მიღების დროს, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გაიგეს, რომ ბათუმში სოციალური სახლი უნდა აშენებულიყო. უკვე 17 იანვარს კი ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და „სოციალური სახლის“ მშენებლობისათვის განკუთვნილ თანხას, 5 მილიონს, კიდევ ერთი მილიონი დაემატა. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „მშენებარე საცხოვრებელი სახლის დასრულების ნაცვლად ორი ახალი კორპუსის აშენება იგეგმება, რამაც თანხის დამატება გამოიწვია (ამ სახლის მხოლოდ 5 სართული იყო აშენებული „ცენტრ პოინტის“ მიერ და მშენებლობა უკვე რამდენიმე წელია შეჩერებულია).
პირველ მარტს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გელა მახარაძემ განაცხადა, რომ ისევ სწორედ იმ მშენებარე სახლის დასრულება იგეგმება, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი კი განმარტავს, რომ კიდევ არ არის დაკონკრეტებული, ახალი კორპუსები აშენდება, თუ მშენებარე სახლს დასრულებენ.
განმარტებით ბარათში ასევე მითითებულია, რომ ახალი ბინებით ის 320 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებთანაც ბათუმის მერიას გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება და მემორანდუმი. მემორანდუმები კი ლერმონტოვის ქუჩაზე ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრებ ოჯახებს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქალაქის მერმა რობერტ ჩხაიძემ გაუფორმა. მერია მათ 50 კვ. მეტრი ფართობის ბინებს შეჰპირდა. 2008 წლის მაისში მიხეილ საკაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ ქალაქის მერთან ერთად 2 ოჯახი ახალაშენებულ სახლებში ტელეკამერების თანხლებით გადაიყვანეს. მაშინ ითქვა, რომ 2010 წელს ბათუმი ბარაკების გარეშე შეხვდებოდა, თუმცა პროგრამა შეფერხდა და რეალურად 2012 წელს ამოქმედდა.
ამ პროგრამის ფარგლებში ბოლო სამი თვის განმავლობაში 22 ოჯახი დაკმაყოფილდა, დანარჩენ 320 ოჯახს მერია წელს არა საბინაო ფონდის ხარჯზე, არამედ სოციალური პროგრამის ფარგლებში დააკმაყოფილებს. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ვაჟა ვერულიძე ამბობს, რომ „ერთ დღეში გაჩენილი პროგრამა საფუძვლიან ეჭვს იძლევა, რომ ის არჩევნებს უკავშირდება.“
გაზეთ “ბათუმელებს” ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლებმა მხოლოდ მემორანდუმები აჩვენეს. მემორანდუმში, რომელიც თ. შ.-სა და რობერტ ჩხაიძეს აქვთ გაფორმებული, წერია, რომ თ.შ. დაკმაყოფილდება 50 კვმ საცხოვრებელი ფართობით, მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართობზე კი მერია პირობიან აუქციონს გამოაცხადებს. აუქციონში გამარჯვებულის ვალდებულებაა გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ასევე, აუქციონში გამარჯვებულმა ერთი თვით ადრე უნდა გააფრთხილოს მოქალაქე საცხოვრებლის დატოვების შესახებ და ვალდებულია გადაუხადოს ბინის ქირა, სანამ კორპუსს ააშენებს. არც თ.შ.-ს და არც მის მეზობლებს, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ არც აუქციონში გამარჯვებული უნახავთ და არც მერიის წარმომადგენლები.
მერიას ჯერ არც აუქციონი აქვს გამოცხადებული და ზუსტად არც ის იცის, რაზე გამოაცხადებს აუქციონს, მშენებლობის დასრულებაზე, თუ ორი ახალი კორპუსის აშენებაზე.
შედარებისთვის: 2010 წელს მერიის სოციალური დაცვის პროგრამების ჯამმა 1,973,1 ლარი შეადგინა. 2011 წელს ეს მონაცემი 3,098,6 ლარი იყო, წელს კი ეს თანხა 9,721,1 ლარია, ანუ სამჯერ მეტი, ვიდრე შარშან.
2012 წელს მხოლოდ ბათუმის მერია არ არის დაკავებული „სოციალური სახლების” მშენებლობით. დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და გამოიყო 9,591,600 ლარი. ამ თანხიდან 9 მილიონი ლარი თამარის დასახლებაში ეკომიგრანტებისთვის ორი კორპუსის აშენებას მოხმარდება და დაახლოებით 200 ეკომიგრანტს საკუთრებაში გადაეცემა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე “ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ 2012 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღების დროს ამ თანხის გათვალისწინება ვერ მოხდა, შემდეგ ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და მობილიზებული თანხები სახლების აშენების საშუალებას იძლევა.
მიუხედავად ეკომიგრანტების მრავალწლიანი მოთხოვნისა – დაეკმაყოფილებინათ საცხოვრებლები ფართობებით აჭარის ტერიტორიაზე, აქამდე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
აჭარის ბიუჯეტში ძირითადად ეკომიგრანტების სხვა რეგიონში გასახლებისა და ტრანსპორტირების მინიმალური თანხა იყო გათვალისწინებული. სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც ერთ-ერთი იყო, ვინც კითხვას – რატომ ვერ იღებდა აჭარის მთავრობა ეკომიგრანტების ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულებას? – პასუხობდა, რომ ეს თემა აჭარის მთავრობის გადასაწყვეტი საკითხი არ იყო.
რატომ არ მიიჩნევა კანონდარღვევად წელს აჭარის ბიუჯეტიდან ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილება? ვაჟა ბოლქვაძე გვპასუხობს – „ჩვენ სახლებს ვაშენებთ, დანარჩენი კი აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხეთ”.
კანონი ეკომიგრანტების შესახებ კი არ არსებობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის, პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი პირობების მოგვარება ძირითადად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელი ბადრი კობალაძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის იმ ეკომიგრანტთა ვინაობა, ვინც ბინის მფლობელი გახდება: “ეს სია მუნიციპალიტეტებმა უნდა მოგვაწოდონ, ძირითადად პირველ და მეორე კატეგორიის დაზარალებულებს დავაკმაყოფილებთ, თუმცა დეტალები ახლა ზუსტდება, იქნებ, მინისტრის მოადგილე ჩაწეროთ”. მინისტრის მოადგილეს, რამაზ ჭინჭარაძესაც „ბათუმელებისთვის“ იგივე აქვს სათქმელი: „ჯერ ეკომიგრანტების სიებიც არ არის დაზუსტებული ”.
პარალელურ რეჟიმში თანხები გამოყოფილია მუნიციპალიტეტებში – შუახევსა და ქედაში– ძველი საავადმყოფოების შენობების შესაკეთებლად.
ტენდერი ჯერ არც ერთ პროექტზე არ გამოცხადებულა და, შესაბამისად, უცნობია, ვინ მიიღებს სახლების აშენების ნებართვას. ამიტომ შეკითხვაზე, მოასწრებენ თუ არა გათვალისწინებული მილიონების ათვისებას, პასუხი ჯერ არც ერთ სტრუქტურას არ აქვს.
წელს ასევე გაზრდილია აჭარის ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაც. იგი 6 მილიონ ლარს შეადგენს. ეს გასულ წელთან შედარებით 2,5 მილიონი ლარით მეტია. ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე წელს სულ 13 მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. ახალი პროგრამები 70-100 000 ქულის მქონე ოჯახების წევრების ჰოსპიტალიზაციას, მშობიარობისა და ონკოლოგიური დაავადებების, ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯებს დააფინანსებს.
რა ხდებოდა 4 წლის წინ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროს?
2008 წლის 16 მაისს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან, ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 270 000 ლარი გამოეყო. ეს იყო ერთჯერადი დახმარება უკვე „ჩატარებული მკურნალობის დასაფინანსებლად”. მკურნალობა 230 მოქალაქეს „პროპორციულობის პრინციპით“ დაუფინანსეს.
სამინისტროდან გამოთხოვილმა დოკუმენტებმა ცხადყო, რომ სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ ის პირები დაფინანსდნენ, რომლებმაც სამინისტროს მიმართეს 2008 წლის 2 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, ანუ საარჩევნო პერიოდში, როდესაც უკვე დანიშნული იყო არჩევნების დღე – 21 მაისი.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გაცემა მოქალაქეებისთვის მკურნალობის დასაფინანსებლად დროში ემთხვევა ბათუმის მერიის მიერ 980 „სოცმუშაკის” დაქირავების ფაქტს („ბათუმელების” საგამოძიებო სტატიით – „ნაცმოძრაობის გამარჯვების ფორმულა“ – დადგინდა, რომ სოცმუშაკები ნაცმოძრაობის აგიტატორები იყვნენ და მათი ხელფასები ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გაიცა). „სოცმუშაკები” ანკეტაზე ასეთი შინაარსის ჩანაწერებს აკეთებდნენ: „დიასახლისს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, თანხის უქონლობის გამო ვერ იკეთებს”; „ორჯერ გაიკეთა “გრიჟის” ოპერაცია და არანაირი დახმარება არ მიუღია”; „აქვს თვალის პრობლემა”; „დიასახლისი საჭიროებს ჩიყვის ოპერაციას.”
იმ პერიოდში, როცა ამ მოქალაქეების სამედიცინო ხარჯები დააფინანსეს სარეზერვო ფონდიდან, ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებდა სოციალურად დაუცველი პირებისთვის ინდივიდუალური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიძლებოდა მათი დაკმაყოფილება. თუმცა ამავე სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სურმანიძემ მაშინ გაზეთ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ აპრილ-მაისის მიწურულს არა თუ კვარტალური, არამედ წლის მთლიანი დაფინანსება – დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ლარი, უკვე გახარჯული იყო.
2008 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე 3 დღით ადრე კი სარეზერვო ფონდიდან ხელვაჩაურის რაიონში სტიქიისგან დაზარალებული 358 მოქალაქე, კანონის დარღვევით, 80 ათასი ლარის ფარგლებში დააფინანსეს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითოეულს თანაბრად 300–300 ლარი გადაუხადეს.
მაშინ იურისტებმა გაზეთ „ბათუმელების“ მიერ მოძიებული ეს ფაქტები ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასეს (ვრცლად ეს მასალები იხილეთ სტატიაში – „ამომრჩეველთა მოსყიდვის მაგალითი“, გაზეთი „ბათუმელები“ #1, 2010 წელი).
ბოლო 8 წლის განმავლობაში აჭარისა და ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მონიტორინგის საფუძველზე, ერთი რამ უდავოა – საარჩევნო წლებში სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე დახარჯული თანხა საეჭვოდ სამმაგდება. კანონის გამკაცრების მიუხედავად, ამ საარჩევნო წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ კონტროლის პალატისთვის ანგარიშის წარდგენა არ დასჭირდება. ამ უპირატესობით ის იმიტომ ისარგებლებს, რომ ხელისუფლებაშია.