ახალი ამბები

გეგეშიძე მის განცხადებაზე გამოხმაურებას “ისტერიკამდე მისულ რეზონანსს” უწოდებს

26 ივლისი, 2016 • 1839
გეგეშიძე მის განცხადებაზე გამოხმაურებას “ისტერიკამდე მისულ რეზონანსს” უწოდებს

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ “ნეტგაზეთის” ბლოგერთან მისი ინტერვიუს ინტერპრეტაციები მიუღებელია. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე განაცხადა:

“ვრჩები თანამდებობაზე. ის ინტერპრეტაციები, რაც ზოგადად   მედიასა და საზოგადოებაში მიეცა, ამ ამბავთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ჩემთვის იყო უცნაური და მიუღებელი.  ახსნა-განმარტებები გავაკეთე სამინისტროში, ყველა არგუმენტი წარვადგინე, მათ ეს განიხილეს და ჩათვალეს, რომ ეს საკითხი ამოწურულია და მეც, ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას,” – განაცხადა  გეგეშიძემ და აღნიშნა, რომ  ზოგადად, საკითხის მიმართ გაზვიადებული ინტერესი და ისტერიკამდე მისული რეზონანსი იყო გადაჭარბებული და არაადეკვატური.

ნეტგაზეთის” ბლოგერთან, ია მერკვილაძესთან ინტერვიუში არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არსებობენ,  და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ საკითხის მიმართ პლურალისტური მიდგომა არსებობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

“გიგა ოთხოზორიას მკვლელობა უხეში ძალის გამოყენების დემონსტრირება იყო. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ამ რუსული რბილი ძალის ნაწილი გახდა. რუსულ ბაზარზე დაბრუნებას ვგულისხმობ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ზოგადად საოკუპაციო პოლიტიკის შედეგია. არავინ იცის, თუ რა დონეზე მოხდა ადამიანის მოკვლის გადაწყვეტილების მიღება.

ფაქტია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ამგვარ მკვლელობებს არ ერიდება და ამას ემატება ისიც, რომ ქვეყნის მმართველ ძალაში არაერთი პოლიტიკოსია, რომელიც პრორუსულ ძალას მხარს აშკარად უჭერს.

გასაგებია მათი არსებობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხისადმი პლურალისტური მიდგომა არსებობს საქართველოში.

პრორუსული ძალები მმართველ გუნდში უნდა არსებობდნენ? გამოდის, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ აგვიღო ალღო და რბილადაც და ხისტადაც მოქმედებს.

არიან, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა თვლიან და ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა. დღევანდელი ჩვენი პოლიტიკა იმისკენაა მიმართული, რომ რისკები შემცირდეს და თავიდან ავირიდოთ ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა.  გამოკვლევები აჩვენებს, რომ პრორუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოსახლეობის მცირე ნაწილი მოექცა. NDI–ის კვლევით შარშან ამგვარად ოცდათერთმეტი პროცენტი ფიქრობდა, წელს კი მათი რაოდენობა ოც პროცენტამდე დავიდა. პირველ შემთხვევაში თავად “ენდიაიმ” აღიარა, რომ კითხვა მკაფიოდ არ იყო დასმული და რესპონდენტებს შესაძლოა “ევროკავშირი” და “ევრაზიული კავშირი” ერთმანეთში არეოდათ. ეს მეთოდოლოგიური შეცდომა იყო. მე პირადად ვერ ვხედავ, რომ ანტირუსული პროპაგანდა სახიფათო ნიშნულზე იყოს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი