კობახიძე პრეზიდენტზე მისი განცხადების მედიით გავრცელების ფაქტს არაეთიკურად მიიჩნევს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე დღეს მედიით მისი მოსაზრების განცხადების სახით გავრცელების ფაქტს არაეთიკურად აფასებს. კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ მოსაზრება პრეზიდენტის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ არაფორმალურად, მას შემდეგ გამოთქვა, რაც ოფიციალური კომენტარის ჩაწერა დამთავრდა და ის ოპერატორებთან რამდენიმე კადრის გადასაღებად შეჩერდა.

“ის რაც ჟურნალისტების მხრიდან გაკეთდა, კონკრეტულად ერთი მედიასაშუალების მხრიდან, ეს ნამდვილად არაეთიკურია – როდესაც შენ ოფიციალურ განცხადებას აკეთებ, ოფიციალურ კომენტარს აკეთებ და საუბრობ კამერების წინ იმის შესახებ, რაზეც გსურს, რომ ისაუბრო და მიაწოდო მაყურებელს შენი პოზიცია და შემდეგ როცა გეუბნებიან, რომ უბრალოდ რამდენიმე კადრს ავიღებთ და მიკროფონები იქ აღარ არის, პრაქტიკულად ჟურნალისტის არაფორმალურად დასმულ შეკითხვაზე შენს პოზიციას, სრულიად ადამიანურ, გულწრფელ პოზიციას აჟღერებ, რომელიც არ არის ოფიციალურად კამერის წინ ნათქვამი; ეს არის ჟურნალისტსა და ადამიანს შორის საუბარი და მერე მაინც ამ ყველაფერს გიდებენ ოფიციალურ ტექსტად, მე მგონია, ეს ყველა ეთიკის ნორმას სცდება. თუმცა ეს მათი პრობლემაა, მე ახლა “რუსთავი 2″-ზე ვსაუბრობ,” – აცხადებს მანანა კობახიძე.

კობახიძის თქმით, ჟურნალისტმა თავად გამოთქვა აზრი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო არათანმიმდევრული და სწორედ ამას მოჰყვა მისი კომენტარიც.

მანანა კობახიძემ დღეს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მას შესაძლოა “ალკოჰოლის ზედმეტი დოზა” ჰქონდა მიღებული.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი