ახალი ამბები

პაპუაშვილი: პრემიერ-მინისტრს აუცილებლად შევხვდები, როცა ის მოიცლის

25 ივლისი, 2016 • 1340
პაპუაშვილი: პრემიერ-მინისტრს აუცილებლად შევხვდები, როცა ის მოიცლის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს მზად არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შესახვედრად. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა.

“პირველ რიგში, მოხარული ვარ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით, იმიტონ, რომ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რეაგირებას არ ახდენდნენ, სწორედ ისინი იდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის სადარაჯოზე. ამიტომ არ გამკვირვებია მათი დაინტერესება. ჩვენ შევხვდებით, გავუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს. მეც მაინტერესებს მათი აზრი, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. მეც რაც შემიძლია დამატებით ინფორაციას მივაწოდებ მათ, თუმცა ისეთი მოლოდინი არ მაქვს, რომ კონკრეტულ ვიღაცებს ყურებით მოვიყვან, ვინც ზეწოლას განახორციელებდა და ა.შ., მაგრამ მაინც საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ჩვენთვის.

პრემიერ-მინისტრს აუცილებლად შევხვდები, როცა ის დაგვიკავშირდება, გათავისუფლდება საარჩევნო კამპანიისგან და მოიცლის.

თუკი შევთანხმდებით პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რომ ნდობა არსებობს, უკურეაქცია არ მოყვება და აზრი ექნბა შეხვედრას (მოსამართლეებიც არიან, მარტო ჩემზე არ არის სუბარი), მაშინ შოთაძეს კი არა, ნებისმიერს შევხვდები – ბათუმის უკანასკნელ პროკურორსაც,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დღეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე ესაუბრა. პაპუაშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ თვალთვალსა და ოჯახის წევრების მიმართ დაშინებაში. პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი უკავშირდება გახმაურებულ საქმეებს, რაც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი