პარლამენტის ქუთაისში გადასვლის შემდეგ, 2012 წლის ზაფხულში, პარლამენტის აპარატში 300-მდე ვაკანსია გამოცხადდება, ქუთაისელი სტუდენტები კი საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირების გავლას შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ქუთაისელ სტუდენტებთან შეხვედრისას, დღეს, 8 მარტს განაცხადა.
დავით ბაქრაძის თქმით, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ქართველმა ახალგაზრდებმა უნდა მიიყვანონ ბოლომდე ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელისუფლებამ დაიწყო.
ქუთაისელ სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამებზე.
“ეს არის შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, სტუდენტებმა ისწავლონ და მიეჩვიონ ღირსეულ შრომას და მეორე მხრივ, გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი, რაც ახალგაზრდებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრას დავით ბაქრაძის გარდა ესწრებოდა პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში ლაშა მაქაცარია. მაქაცარიას თქმით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია უკვე მუშაობს სტუდენტურ საზაფხულო პროგრამებზე, რომელიც 25 000 სტუდენტის დასაქმებაზეა ორიენტირებული. მათი შრომა დაახლოებით 500 ლარის ოდენობით ანაზღაურდება, საიდანაც სტუდენტები ხელზე მხოლოდ 400 ლარს აიღებენ. მათი ხელფასი ჩვეულებრივ 20%-ით დაიბეგრება.
“დარწმუნებული ვარ, ის ხალხი, რომელიც დღეს ესწრებოდა ამ შეხვედრას, მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს არა მარტო იმას, რომ სტუდენტებმა შრომის ფასი ისწავლონ, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის პერიოდში ეს ხალხი წავა სხვადასხვა დასასვენებელ ადგილას და იქ დახარჯავს იმ ანაზღაურებას, რომელსაც მიიღებს. ასე რომ, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ სტუდენტებთან შეხვედრისას.
სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის “თი-ბი-სი ბანკის” საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლა და 8 მარტთან დაკავშირებით გამოფენა დაათვალიერა. გამოფენის დათვალიერების შემდეგ კი დავით ბაქრაძე მშენებარე პარლამენტს ეწვია.