ახალი ამბები

კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება არასერიოზულია და წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის ფონს ქმნის

25 ივლისი, 2016 • 1732
კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება არასერიოზულია და წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის ფონს ქმნის

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრის,  მანანა კობახიძის განცხადებით,  ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის  შესახებ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება არასერიოზულია და წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის ფონს ქმნის.

“ეს არის არასერიოზული განცხადება. მგონი, პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ასეთ განცხადებებს. რაზეა საუბარი,  ეს არის მხოლოდ ზოგადი განცხადება, რომელიც არ მგონია, რომ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. თუ რამე კონკრეტული ფაქტები აქვს, კონკრეტულად უნდა თქვას და სამართალდამცავებისგან  რეაგირება უნდა მოითხოვოს. ასე,  ზოგადი საუბრით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და რაღაც დესტაბილიზაციის ფონს ქმნის წინასაარჩევნოდ.  არც პრეზიდენტისგან და არც საკონსიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან არ არის ეს სერიოზული. თუ რამე ფაქტები და მტკიცებულებები აქვთ, პროკურატურაში უნდა გადააგზავნონ,” – ამბობს კობახიძე.

მისივე აზრით, სერიოზული პრეზიდენტები და სერიოზული მოსამართლეები ასე იქცევიან:

“და არ შემოიფარგლებიან პოლიტიკური განცხადებით, რომელიც ქვეყანას აზარალებს.  პრეზიდენტის სიტყვას მე მგონი მეტი ფასი უნდა ჰქონდეს და ასეთი ზოგადი საუბრებით არ უნდა იფარგლებოდეს. გაუგებარია რა ზეწოლაზეა საუბარი, მე ვერ გავიგე რაზე საუბრობს ან ერთი, ან მეორე.”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს გიორგი პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაპარაკი არის სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი