ახალი ამბები

არასამთავრობოებს ბაქრაძის შეთავაზებები არ აკმაყოფილებთ

8 მარტი, 2012 •
არასამთავრობოებს ბაქრაძის შეთავაზებები არ აკმაყოფილებთ

კამპანიაში – „ეს შენ გეხება“ – მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივას ბუნდოვან და პრობლემურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამას არასაკმარისად მიიჩნევენ და უფრო მეტ ცვლილებას მოითხოვენ.

კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციების განცხადებით, კანონში არ უნდა შევიდეს მხოლოდ ისეთი ცვლილებები, რომლებიც მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას შეეხება. მათივე თქმით, კომპლექსურად უნდა მოხდეს ყველა საკითხის განხილვა კანონში და არ უნდა შემოიფარგლოს მარტო ერთი საკითხის განხილვით.  შესაბამისი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძის განცხადების საპასუხოდ გაავრცელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 5 მარტს განაცხადა, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში არსებული დებულებები, შესაძლოა, ისე დაზუსტდეს, რომ მასში ნათლად ჩაიწეროს, რომ კანონმდებლობა არანაირად არ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ.

თუმცა კამპანიაში – ”ეს შენ გეხება” – ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება აღნიშნული კანონის შეცვლასთან დაკავშირებით მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას არ გულისხმობს.

არასამთავრობოების განცხადებით, არ უნდა მოხდეს კანონის ფორმულირების დავიწროება მხოლოდ ერთ საკითხზე, რადგან მათ (“ეს შენ გეხება!”) მიერ  შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ, პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნისკენ, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისკენ.

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,” ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ,” ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” და კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ – მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და პარლამენტში 2012 წლის 17 თებერვალს წარადგინა.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ძირითადი მოთხოვნებია:

• გაუქმდეს ამომრჩევლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მთელი პასუხისმგებლობა, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში, დაეკისროს პარტიას ან იურიდიულ პირს;
• დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს პარტიისთვის დადგენილ შეზღუდვებს. აღნიშნული შეზღუდვები კი გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც გაცხადებული აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისთვის გაწევენ ხარჯებს;
• განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, რათა მას არ მიეცეს თავისუფლად მანიპულირების საშუალება;
• დეტალურად გაიწეროს ყადაღის დადების წესი, რომლის უფლებაც მიენიჭა კონტროლის პალატას, განისაზღვროს როლი იმისათვის, რომ ქონების დაყადაღება არ მოხდეს მისი მონაწილეობის გარეშე;
• შემცირდეს დადგენილი არაგონივრული სანქციები პარტიებისა და სხვა პირებისთვის;

7 მარტს გამართული პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია შეიცვალოს არაერთი სხვა დებულება, მათ შორის საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები. ასევე, აუცილებელია, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, რათა პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თანაბრად კონკურენტულ გარემოში კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანია, რომ კანონში იყოს დამატებითი გარანტია, რათა არ შეიზღუდოს საერთაშორისო ფონდების საქმიანობა.

“ამ მიმართულებით დისკუსია გრძელდება. კრიტერუმი იქნება შემდეგი: თუ არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას უწყობს ხელს(რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას), მაშინ მასზე შეზღუდვა არ ვრცელდება. ორგანიზაციას თუ პოლიტიკური მიზანი აქვს და საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული, მაშინ ის დღევანდელი კანონის მიხედვით ჩაითვლება დაკავშირებულ პირად,” – აღნიშნული განმარტება მინაშვილმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.     

საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეკემბერში მიღებული სადავო კანონი მათ არ უწესებს შეზღუდვებს და, შესაბამისად, მათ არ ეხებათ. თუმცა ისინი ცალკეული ფორმულირების დახვეწას და კანონის შეცვლაზე მუშაობას მიესალმებიან.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლუის ნავაროს განცხადებით, არსებული კანონმდებლობა – ახლახან მიღებული კანონი  “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” – არანაირ შეზღუდვებს არ უწესებს ნაციონალურ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI).

აღნიშნულის შესახებ ლუის ნავარომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან – აკაკი მინაშვილთან და ჩიორა თაქთაქიშვილთან – შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მონაწილეობით გაიმართა და ის ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონს ეხებოდა.  

“მე როგორც ვიცი სამოქალაქო ორგანიზაციების კომენტარებისგან, მათი ძირითადი შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის, რომ არ არსებობს ზუსტად გაწერილი კრიტერიუმები, პროცედურები, თუ რის მიხედვით ხდება ესა თუ ის მოქმედება აღნიშნული კანონმდებლობის ფარგლებში,” – აღნიშნა ნავარომ და აქვე დასძინა, რომ NDI განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იქნება, რადგან ის ემორჩილება  იგივე კანონმდებლობასა და რეგულციებს, რაც საქართველოშია.

ორგანიზაციის – ”ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (NIMD) – საქართველოში წარმომადგენლის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, შეხვედრაზე კანონთან დაკავშირებით განმარტებები, კვალიფიკაციები, დაზუსტებები იყო განხილული.

“ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მოხდება მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები, რის შემდეგადაც ჩვენი პოზიციები დაზუსტდება. ჩვენ ველოდებით კანონზე შემდგომი მუშაობის გაგრძელებას. გვჭირდება დაზუსტებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენს ორგანიზაციას. მეტს ვერაფერს გეტყვით,” – აღნიშნა ცუცქირიძემ. თუმცა მან არ დააკონკრეტა, წყვეტს თუ არა მისი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და პროექტებს.

შეგახსენებთ, ლევან ვეფხვაძემ საინფორმაციო  სააგენტო ”პირველთან” საუბარში აღნიშნა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დაწესებული ახალი რეგულაციების გამო პრობლემები საერთაშორისო  ორგანიზაციებსაც შეექმნათ. ვეფხვაძის მტკიცებით, სწორედ ამ კანონის გამო ორგანიზაციამ, ”ნიდერლანდის ინსტიტუტი – მრავალპარტიული დემოკრატიისათვის”, შეაჩერა ”ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან” თანამშრომლობა. ორგანიზაცია აღნიშნულ პარტიას სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი