ახალი ამბები

ბურჭულაძის პარტიის წევრები პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს

25 ივლისი, 2016 • 1239
ბურჭულაძის პარტიის წევრები პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცავებმა პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” 2 წევრი 25 ივლისს, ღამით, პარტიის თემქის ოფისთან დააკავეს. მათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა ედებათ, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარტიაში პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ოფისიდან გასული პირების მანქანები მიზანმიმართულად, მთელი დღის განმავლობაში მოწმდებოდა. დაკავება კი პარტულის თანამშრომელსა და პარტიის წევრებს შორის შელაპარაკებას მოჰყვა.

შსს მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარტიის თანამშწომელთა მანქანა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მძღოლს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა ამის შემდეგ კი ავტომანქანის მგზავრებმა პარტულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“პოლიციელების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე მათგანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.” – აცხადებენ შსს-ში.

პარტიის წევრები ასევე, აცხადებენ, რომ პარტულის თანამშრომლებმა დაკავებისას მათი ავტომობილი დააზიანეს. ამასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველებისთვის დაკავებულების პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო და პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები უწყების დისკრედიტირებისკენაა მიმართული:

“თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური კუთვნილება არც ერთ პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

სამართალდამცველები მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად. საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანების შეჩერება-გადამოწმება, პრევენციის მიზნით, პერიოდულად ხორციელდება და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვასა და შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას.” – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი