საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის იმ ნაწილის დაზუსტებს მოითხოვენ, რომელიც მათ ეხება.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განცხადებით, არსებული კანონმდებლობა, ახლახანს მიღებული კანონი “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” არანაირ შეზღუდვებს არ უწესებს ნაციონალურ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI).
აღნიშნულის შესახებ ნავარომ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ჩიორა თაქთაქიშვილის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან პოლიტიკური გაერთიანებების კანონთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მე როგორც ვიცი სამოქალაქო ორგანიზაციების კომენტარებისგან, მათი ძირითადი შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის, რომ არ არსებობს ზუსტად გაწერილი კრიტერიუმები, პროცედურები, თუ რის მიხედვით ხდება ესა თუ ის მოქმედება აღნიშნული კანონმდებლობის ფარგლებში,” – აღნიშნა ნავარომ და აქვე დასძინა, რომ NDI განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იქნება, რადგან ის ემორჩილება იგივე კანონმდებლობასა და რეგულციებს, რაც საქართველოშია.
“NDI, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ემორჩილება იგივე კანონმდებლობასა და რეგულციებს, რაც არსებობს საქართველოში. არანაირი განსხვავება ამ მხრივ არ არსებობს. NDI და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იგივე რეგულაციების ქვეშ ხვდებიან,” – განაცხადა ნავარომ.
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) საქართველოში წარმომადგენლის ლევან ცუცქირიძის განცახედებით, შეხვედრაზე კანონთან დაკავშირებით განმარტებები, კვალიფიკაციები, დაზუსტებები იყო განხილული.
“ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მოხდება მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები, რის შემდეგადაც ჩვენი პოზიციები დაზუსტდება. ჩვენ ველოდებით კანონზე შემდგომი მუშაობის გაგრძელებას. გვჭირდება დაზუსტებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენს ორგანიზაციას. მეტს ვერაფერს გეტყვით,” – აღნიშნა ცუცქირიძემ. თუმცა, მან არ დააკონკრეტა წყვეტს, თუ არა მისი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და პროექტებს.
შეგახსენებთ, ლევან ვეფხვაძემ საინფორმაციო სააგენტო ”პირველთან” საუბარში აღნიშნა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დაწესებული ახალი რეგულაციების გამო პრობლემები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც შეექმნათ. სწორედ ამ კანონის გამო, უკვე შეაჩერა ორგანიზაციამ ”ნიდერლანდის ინსტიტუტი – მრავალპარტიული დემოკრატიისათვის”, რომელიც პარტიებს, ამ შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას, სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარებოდა.
რაც შეეხება მთავრობის პოზიციას. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანია რომ დამატები გარანტია იყოს კანონში, რათა არ შეიზღუდოს საერთაშორისო ფონდების საქმიანობა.
“ამ მიმართულებით დისკუსია გრძელდება. კრიტერიუმი იქნება შემდეგი, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას უწყობს ხელს, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, მაშინ მასზე შეზღუდვა არ ვრცელდება. თუ პოლიტიკური მიზანი აქვს და საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული, მაშინ ის დღევანდელი კანონის მიხედვით ჩაითვლება დაკავშირებულ პირად,” – განმარტავს მინაშვილი.
