ახალი ამბები

წყალდიდობა ჩინეთში: ათობით დაღუპული და ასობით ათასი ევაკუირებული

23 ივლისი, 2016 • 2009
წყალდიდობა ჩინეთში: ათობით დაღუპული და ასობით ათასი ევაკუირებული

დღეს, 23 ივლისს, წყალდიდობამ ჩრდილოეთ და ცენტრალურ ჩინეთში 100-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რამდენიმე უგზოუკვლოდ დაიკარგა და ასობით ათასი იძულებით გამოიყვანეს სახლებიდან.

ოფიციალური უწყებებზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, წყალდიდობა და მეწყერი ყველაზე მეტად ჰებეისა და ჰენანის პროვინციებს დაატყდა თავს. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 50 000 სახლი განადგურდა ჰებეიში, სადაც 72 ადამიანი დაიღპა, ხოლო ჰენანში 18 000 სახლი დაზიანდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი გამოყოფენ თანხას წყალდიდობით დაზარალებული რაიონებისთვის, რაც მილიონობით ადამიანს შეეხო. მათი თქმით, ჰებეიში, მხოლოდ ერთ ქალაქ შინტაიში, დაიღუპა 25 ადამიანი, ხოლო პროვინციაში 30 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

როგორც BBC იუწყება, ჰენანში ჯერჯერობით 15 დაღუპულია და 72 000 ევაკუირებული. გამოცემის ცნობით, მათ ელექტროენერგია შეუწყდათ; ასევე დიდი პრობლემებია კომუნიკაციისა და ტრანსპორტის ქსელებთან ფართო მასშტაბის ტერიტორიაზე.

ბიბისის ინფორმაციით, აღშოთებულმა მაცხოვრებლებმა ადგილობრივი ოფიციალური პირები დაადანაშაულეს იმის გამო, რომ მოსალოდნელი ამინდის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილეს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ჩინეთში ამ ზაფხულს განსაკუთრებით ძლიერი წვიმები იყო და მთავრობამ განაცხადა, რომ ამინდის გამო, ჯამში, 200-ზე მეტი ადამიანია დაიღუპა. ბიბისის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ 1.5 მილიონზე მეტ ჰექტარზე მარცვლეულის მოსავლები დაზიანდა და ჩინეთის პირდაპირი ეკონომიკური ზარალი 3 მილიარდ დოლარს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი