ახალი ამბები

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას

22 ივლისი, 2016 • 1778
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას? – ამ თემაზე დღეს, 22 ივლისს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს ანგარიშები, რომლებიც ასახავს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ეს ანგარიშები მართლმსაჯულებას, წამებასა და არასათანადო მოპყრობას, ასევე არჩევნებს, ბავშვთა უფლებებს, შრომით სტანდარტებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მედიის თავისუფლებას ეხება.

“ასოცირების დღის წესრიგით ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ამ კუთხით კანონმდებლობის გაუმჯობესება, “ – ამბობს მიხეილ ბენიძე, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელი.

მიხეილ ბენიძის აზრით, ამ მიმართულებით მთავარი პრობლემა საარჩევნო სისტემაა, რადგან არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი პარლამენტში მიღებულ მანდატების რაოდენობის ტოლფასი არ არის:

“საბოლოო ჯამში, ვიღებთ ისეთ გადანაწილებას, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიღებული ხმების პროპორციული არ არის, რადგან პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული მანდატები ავტომატურად იკრიბება,” – ამბობს ბენიძე და აღნიშნავს, რომ ეს სიტემა დომინანტ პოლიტიკურ მოთამაშეებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

ბენიძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული არჩევნები უნდა გაუქმდეს და პარლამენტი ეროვნული პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან უნდა დაკომპლექტდეს:

“როცა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზეა საუბარი, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სისტემას. ის, რომ წელს სისტემა არ შეცვლილა – ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ ამ სისტემით არჩევნების ჩატარების 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს და ცალსახად მხოლოდ სისტემა არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფუძველი არასოდეს ყოფილა და ვერც 2016 წელს იქნება,” – ამბობს ბენიძე.

კონფერენცია - როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები დაისახა მიზნად:

“ეს მისასალმებელია, მაგრამ ამ ამბიციას ძალიან კარგად დაგეგმილი და გააზრებული რეფორმები სჭირდება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები იქნა დაშვებული.”

მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმა ამ მოწვევის პარლამენტმა აღარ განახორციელა. ამავდროულად, ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ მხოლოდ ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები დამოუკიდებელი, ეფექტური და პროფესიული სასამართლო სისტემის შესაქმნელად საკმარისი არ არის:

“2012 წლამდე ჩვენ სასამართლო არ გვქონდა. გვყავდა სასამართლო კორპუსი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი აღიქვამს არა როგორც მართლმსაჯულების შემქმნელ სუბიექტებს, არამედ როგორც ნოტარიუსებს, რომლებიც სადღაც სხვაგან დაწერილ გადაწყვეტილებებს ლეგალურ ფორმებს აძლევდნენ. ამ ფონზე რამდენად სწორია აქცენტი მხოლოდ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებზე გაკეთდეს და არ იქნას გააზრებული საკადრო პოლიტიკა? არავინ არ შეიძლება იყოს მომხრე, რომ სასამართლო კორპუსი ერთ ღამეში შეცვალო, მაგრამ კორპუსის სრულიად უცვლელად დატოვება არის პრობლემური,”- ამტკიცებს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილის მოსაზრებით, ასოცირების ხელშეკრულება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დემოკრატიული პროცესები უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად განვითარდეს. ნაცვლიშვილის დაკვირვებით, ამ პროცესს სხვადასხვა ტიპის კონტროლი სჭირდება. მათ შორის საუბარია საპარლამენტო კონტროლზე, რაც მისი აზრით, ეფექტური ვერ არის:

“ამ მიმართულებით და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მიმართულებით, პარლამენტი მაინცდამაინც ძლიერ ორგანოდ ვერ ჩამოყალიბდა. მხედველობაში მაქვს საქართველოს უახლესი ისტორია და არა მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტი. ამ პირობებში, კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ამ პროცესის მონიტორინგი.”

ფონდ “ღია საზოგადოება -საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს არ ახორციელებს:

“ასოცირების ხელშეკრულება ორი წლის წინ შევიდა ძალაში და საქართველოს პარლამენტს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი ამ დრომდე არ განუხორციელებია, პლენარულ სხდომაზე არასოდეს განხილულა შესრულების საკითხი. ფაქტობრივად, არასამთავრობო ორგანიზაციების ზურგზე გადადის ეს ტვირთი. ამის გათვალისწიენბით, ასეთი შეხვედრები დიდ როლს თამაშობს, რათა ხელისუფლება ერთგვარად გრძნობდეს ანგარიშვალდებულებას მოსახლეობის მიმართ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე.”

კონფერენცია - როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას

მასალების გადაბეჭდვის წესი