ახალი ამბები

ვინ არიან “ქართუ ბანკიდან” წასული თანამშრომლები

5 მარტი, 2012 • 3023
ვინ არიან “ქართუ ბანკიდან” წასული თანამშრომლები

“ქართუ ბანკი” დღეს ერთი და იგივე მიზეზით ორმა თანამშრომელმა დატოვა. ისინი ამბობენ, რომ მათ საბანკო ანგარიშზე “ალოგიკურად მაღალი ოდენობის პრემია” დაირიცხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის ანგარიშზე უნდა გადაერიცხათ, რაც არ გააკეთეს. თანხები მათ ანგარიშზე 8 თებერვალს ჩაირიცხა, მაგრამ ინფორმაცია ამის თაობაზე მხოლოდ დღეს გაასაჯაროვეს.

აღნიშნული სქემის თაობაზე დღეს ორივე მათგანმა ნაციონალური მაუწყებლებისთვის მიცემულ ინტერვიუებში განაცხადა:

„ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის გაცხადებული მქონდა. ამის გამო დისკომფორტი არ  შემქმნია ბოლო დრომდე, ვიდრე ბანკი აქტიურად არ ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში ღიად. ამან დაღი დაასვა ჩემს საქმიანობას და თანდათანობით მიჭირდა მუშაობა. ჩემი წამოსვლის ერთ–ერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ჩამერიცხა ალოგიკურად მაღალი ოდენობის პრემია, რომელიც უნდა გადარიცხულიყო შემდგომში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის ანგარიშზე, რასაც მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ. მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა ბანკი,“ – განაცხადა რამაზ ქურდაძემ, რომელმაც „ქართუ ბანკში“ ბანკის დირექტორატის წევრისა და იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.

რამაზ ქურდაძე
რამაზ ქურდაძე

ზვიად ხუხუნაშვილი
ზვიად ხუხუნაშვილი

„8 თებერვალს ჩემს ანგარიშზე ჩამერიცხა მსხვილი ფულადი თანხა. ბანკის ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და განმიცხადა, რომ 37 ათასი ლარი „ქართული ოცნების“ ანგარიშზე უნდა ჩამერიცხა, მე ვიყავი აპოლიტიკური პიროვნება, ეს არ გავაკეთე და თანამდებობა დავტოვე,“ – ეს განცხადება ზვიად ხუხუნაშვილმა გააკეთა, რომელმაც „ქართუ ბანკის” ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

უფრო მეტი დეტალების გარკვევის მიზნით, „ნეტგაზეთმა“ რამაზ  ქურდაძესთან და ზვიად ხუხუნაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათი მობილური ტელეფონები მთელი დღის მანძილზე გამორთული იყო.

„ქართუ ბანკში“ „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ რამაზ ქურდაძის ანგარიშზე 55 500 ლარი, ხოლო ზვიად ხუხუნაშვილის ანგარიშზე 37 ათასი ლარი ჩაირიცხა მიმდინარე წლის 8 თებერვალს, თუმცა ეს ინფორმაცია მათ დღეს, 5 მარტს გაასაჯაროვეს. „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ნატა ხაინდრავას თქმით, ქურდაძემ და ხუხუნაშვილმა, ასევე, დღეს, 5 მარტს მიმართეს ბანკის ადმინისტრაციას თანამდებობების დატოვების თაობაზე. გასულ კვირის განმავლობაში ორივე მათგანი ბანკში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

რამაზ ქურდაძე “ქართუ ბანკში” დაარსების დღიდან მუშაობდა. როგორც “ნეტგაზეთისთვის” გახდა ცნობილი, ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინე ქურდაძის ძმაა. ამ უკანასკნელის მეუღლე კი, ირაკლი კობალაძე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობს პროკურორად.

ზვიად ხუხუნაშვილი “ქართუ ბანკში” 2004 წლიდან დღემდე მუშაობდა. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მისი მეუღლე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

“ქართუ ბანკში” განმარტავენ, რომ ქურდაძისა და ხუხუნაშვილის ანგარიშზე თანხა ბონუსის სახით ჩაირიცხა, თუმცა უფრო კონკრეტული განმარტებების გაკეთებას ბანკის ადმინისტრაცია მოგვიანებით გეგმავს. “ქართუ ბანკის” ცნობით, ქურდაძეს ანგარიშიდან თანხა არ გამოუყენებია, ხოლო ხუხუნაშვილმა 37 ათასი ლარი ანგარიშიდან აიღო, ხოლო შემდეგ ისევ ბანკში დააბრუნა.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს კონტროლის პალატამ “ქართული ოცნება”, შპს “”ქართუ მშენებელი” და მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი, ჯამში, 600 ათასი ლარით დააჯარიმა.

კონტროლის პალატაში მაშინ განაცხადეს, რომ მათ გაშიფრეს კანონსაწინააღმდეგო სქემა, რომლის მიხედვით, “ქართულ ოცნებაში” შპს “ქართუ მშენებლის” თანამშრომელმა საკუთარი პრემიის ნახევარი გადარიცხა. კერძოდ, კონტროლის პალატის ინფორმაციით, “ქართუ მშენებელთან” გარიგების შედეგად ნუგზარ ხუციშვილს პრემიის სახით 6 თებერვალს ჩაერიცხა 40 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი 3 დღეში “ქართული ოცნების” ანგარიშზე შეიტანა.

კონტროლის პალატის ეს გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებაში” უკანონოდ მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებენ.

2 მარტს კი საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საქართველოს მოქალაქეები სპეციალური მიმართვით გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათი გამოყენება ცალკეული პოლიტიკური მიზნებისათვის მომხდარიყო.

“ჩვენი ინფორმაციით, არის მოქალაქეების კორუფციული სქემებისათვის გამოყენების ცალკეული მცდელობები. ამიტომ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად აიცილონ თავიდან უკანონო გარიგებებში მონაწილეობა,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი