ახალი ამბები

ხმალაძე მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილმა პროკურატურას უნდა მიმართოს

21 ივლისი, 2016 • 1583
ხმალაძე მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილმა პროკურატურას უნდა მიმართოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ პროკურატურას უნდა მიმართოს.

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, თუ გიორგი პაპუაშვილის ბრალდება დადასტურდება, ეს დანაშაულია და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ:

“თუ ასეთი უკანონო მოქმედება მიმდინარეობს [საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ], ამისათვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები. პროკურატურამ მიმართვა უნდა მიიღოს, უნდა იყოს წარდგენილი ინფორმაცია, რომელიც მის განცხადებას ადასტურებს და გამოძიება უნდა ჩატარდეს. თუ ასეთი რამ დადასტურდა, ეს დანაშაულია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს,” – განაცხადა ხმალაძემ.

უცნობია, დაიწყებს თუ არა პროკურატურა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოძიებას. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ არ იციან, დაიწყება თუ არა გამოძიება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი