ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე

21 ივლისი, 2016 • 1515
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარებში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.

“დღეს მე მინდა ახალ საგანგაშო ფაქტებზე გესაუბროთ, რომლებიც დაკავშირებული არ არის ძველ ფაქტებთან. ბოლო პერიოდისა და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ძალიან მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით. აგრეთვე, პირადი ინფორმაციის ხასიათის, ფალსიფიცირებული ძირითადად, მაგრამ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს, რომლებიც დაკავშირებულიa მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტრესის მქონე საქმეებთან, რომლებიც განიხილება ახლა სასამართლოში და მიმართულია იქითკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი,” – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

მისივე თქმით,  დღეს მეტ დეტალებზე არ ისაუბროს, თუმცა მზადაა დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ პირებს, რათა სასამართლომ შეძლოს, გადაწყვეტილება მიიღოს შინაგანი რწმენის და არა ზეწოლის საფუძველზე.

პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია, ეხება თუ არა ეს ზეწოლის ფაქტები რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი