“საგარეოს საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ისრაელში ვიზიტისას ჯვრის მონასტრის გადმოცემის საკითხი ოფიციალურად დაისვა” –ეს განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.
მინისტრის მოადგილემ გაუგებრობად შეაფასა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯვრის მონასტერის გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა უწყება ინფორმაციას არ ფლობდა:
შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებებს ისრაელის მხარე უარყოფს, 28 თებერვალს ინტერნეტ–პორტალმა “იზრუსმა” გაავრცელა:
“ისრაელის მაღალჩინოსნები გაკვირვებულნი არიან ოფიციალური თბილისის განცხადების გამო იმასთან დაკავშირებით, რომ ჯვრის მონასტრის გადაცემაზე მოლაპარაკებები “დიდი ხანია” მიმდინარეობს”, – იუწყება “იზრუსი”
“ჩემი აზრით, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში მთავრობათშორისი საქმიანობის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებვულიყო, და ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირს ეცნობებოდა”– აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე კალანდაძემ.
მისივე თქმით, ჯვრის მონასტრის შესახებ მოლაპარაკებების პროცესი მუშაობას საჭიროებს.
შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
“უნდა დადგეს საკითხი, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას. იქ ისევ აღევლინოს ქართულად ლოცვა. ის იყოს საქართველოს ეკლესიის, ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში”– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯვრის მონასტერში დაცული ქართული სიწმინდეების დაბრუნების საკითხი 2006 წელს, იერუსალიმში პირველი ვიზიტისას დააყენა.
თავის მხრივ, საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ასაიდუმლოებს იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით იმუშავებს, თუმცა აღიარებს, რომ მონასტრის დაბრუნება რთული პროცესია:
‘”საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნება ადვილი საქმე არ არის, ეს ძალიან რთული პროცესია. ნაადრევი დასკვენების გაკეთება რეზულტატისთვის სასარგებლო არ იქნება. სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობას და ტექნიკურ საკითხებს კონფიდენციალურად ვტოვებ, რეზულტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი
სასწორზე დადება არ მიღირს”, – ნათქვამია მინისტრის ოფიციალურ განცხადებაში.
ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა პატრიარქი ილია მეორე. ნეტგაზეთთან საუბრისას მისმა მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ:
“ჩვენ 3 დღის წინ დავბრუნდით იერუსალიმიდან და ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონდა, რა ინფორმაციაც მივიღეთ, ჩვენთვის ახალი იყო. იმ შეხვედრების დროს, რაც პატრიარქმა ისრაელში გამართა, ამ საკითხებზე არ გვისაუბრია”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
მისივე თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხებზე სამუშაოდ შეიქმნება, სავარაუდოდ, საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იქნებიან – “როგორც ვიცი, ამ ჯგუფში საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იქნებიან, თუმცა დეტალური ინფორმაცია არ მაქვს”, – აღნიშნა ბოტკოველმა.