ახალი ამბებიეკონომიკა

კვლევა: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა კომპანიების 63%-ს არ აინტერესებს

21 ივლისი, 2016 • 2559
კვლევა: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა კომპანიების 63%-ს არ აინტერესებს

კვლევის, სახელწოდებით “ბიზნესის დამოკიდებულება საგადასახადო სისტემისადმი საქართველოში”, მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 95%-ს ბოლო ორი წლის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია; კომპანიების 95% ასევე არ არის არც ერთი ბიზნესგაერთიანების წევრი. საგადასახადო კოდექსის გამარტივებას კი გამოკითხულთა 80% ითხოვს.

კვლევა განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პროექტის, “მმართველობა განვითარებისათვის” (G4G), ფარგლებში. შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი თაბუაშვილის თქმით, აღნიშნული კვლევით შეისწავლეს ბიზნესისა და გადასახადების გადამხდელების დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის საქმიანობისადმი. “კვლევა ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად განხორციელდა”, – ამბობს თაბუაშვილი. “აბსოლუტურად ობიექტურად” შეაფასა კვლევის შედეგები საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმაც. კვლევის პრეზენტაცია 21 ივლისს სასტუმრო “რუმსში” გაიმართა. 

"ბიზნესის წუხილი ჩვენი წუხულიც არის. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს როგორც ასოციაციებთან, ასევე ცალკეულ ბიზნესმენებთან", - განაცხადა კვლევის პრეზენტაციაზე ფინანსთა მინისტრმა. 21.07.2016. ფოტო: შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური

“ბიზნესის წუხილი ჩვენი წუხულიც არის. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს როგორც ასოციაციებთან, ასევე ცალკეულ ბიზნესმენებთან”, – განაცხადა კვლევის პრეზენტაციაზე ფინანსთა მინისტრმა. 21.07.2016. ფოტო: შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური

“ბიზნესის წუხილი ჩვენი წუხულიც არის. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს როგორც ასოციაციებთან, ასევე ცალკეულ ბიზნესმენებთან. მზად ვართ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბიზნესი განვითარდეს. ბიზნესმა შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და ის, რომ ათეულობით ათასი სამუშაო ადგილია შექმნილი საქართველოში, სწორედ ბიზნესის დამსახურებაა და იმის დამსახურებაა, რომ შემოსავლების სამსახური და საგადასახადო ადმინისტრირება არ არის პოლიტიკური იარაღი. ეს არის სახელმწიფოს ხელში არსებული ძალიან კარგი, ფისკალური ინსტრუმენტი, რომელიც მოწადინებულია, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქციები შეასრულოს და ბიზნესი ჰარმონიულად ვითარდებოდეს”, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, 21 ივლისს კვლევის პრეზენტაციის შემდეგ.

კომპანიების დამოკიდებულება არსებული საგადასახადო სისტემისა და კანონმდებლობის მიმართ

CRRC-ის უფროსი მკვლევრის, ნათია მესტვირიშვილის თქმით, კომპანიების 80% ამბობს, რომ ინფორმაცია საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მათთვის ხელმისაწვდომია, თუმცა 95%-ს ბოლო 2 წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია საგადასახადო კანონმდებლობის განხილვაში. 63% კი თვლის, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ხშირად იცვლებოდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითული კომპანიების 80% საგადასახადო კოდექსის გამარტივებას (ბუნდოვანი დებულებების შეცვლას ისეთი სახით, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა) და გადასახადების მოცულობისა და რაოდენობის შემცირებას ისურვებდა.

კითხვაზე, პირველ რიგში, რა ცვლილებებს შეიტანდნენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში, 40% ამბობს, რომ შეამცირებდა გადასახადების რაოდენობას, რაც კომპანიებს ეკისრება. 27% ამბობს, რომ შეამცირებდა კომპანიების საგადასახადო განაკვეთებს. 22% ამბობს, რომ გაამარტივებდა საგადასახადო ადმინისტრირებას, 4% კი ამბობს, რომ არ შეიტანდა არანაირ ცვლილებას არსებულ საგადასახადო კანონმდებლობაში.

კითხვაზე, პირველ რიგში რა ცვლილებებს შეიტანდნენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში, დიაგრამა აჩვენებს, 40% ამბობს, რომ შეამცირებდა გადასახადების რაოდენობას, რაც კომპანიებს ეკისრება. 27% ამბობს, რომ შეამცირებდა კომპანიების საგადასახადო განაკვეთებს. 22% ამბობს, რომ გაამარტივებდა საგადასახადო ადმინისტრირებას და 4% ამბობს, რომ არ შეიტანდა არანაირ ცვლილებას არსებულ საგადასახადო კანონმდებლობაში. დიაგრამა: CRRC

CRRC-ის დიაგრამა

კომპანიების 70% ამბობს, რომ ინფორმაციებს საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან იღებს.

კვლევის მიხედვით, კომპანების 60-70% დადებითად აფასებს შემოსავლების სამსახურის მუშაობას და მის თანამშრომლობას კომპანიებთან. 91% მიიჩნევს, რომ გულახდილად შეუძლიათ შემოსავლების სამსახურთან თავიანთ პრობლემებზე საუბარი. ნათია მესტვირიშვილის თქმით, კომპანიათა მხოლოდ 5% აცხადებს, რომ ბოლო 2 წლის განმავობაში შემოსავლების სამსახურის არც ერთი სერვისით არ უსარგებლია. “ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა სარგებლობს შემოსავლების სამსახურის სერვისებით”, – ამბობს მესტვირიშვილი.

კომპანიების დამოკიდებულება არსებული საგადასახადო შემოწმებების პრაქტიკის მიმართ

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2014 წელს ამა თუ იმ სახის საგადასახადო შემოწმება კომპანიების 23%-ში ჩატარდა. მცირე ზომის ბიზნესში შემოწმება საშუალოდ 17 დღეს, საშუალოში – 23 დღეს, ხოლო დიდში 35 დღეს გრძლედება. გამოკითხული კომპანიებიდან მხოლოდ 12-მა განაცხადა, რომ საქმიანობის დახურვა ან შეჩერება მოუწია, შემოწმების შეჩერების გამო კი 2 კომპანიას გაეზარდა საურავი. 

CRRC-ის დიაგრამა

CRRC-ის დიაგრამა

“თუ შევხედავთ … სიხშირეს, ვნახავთ, რომ საგადასახადო შემოწმებები დიდი ზომის კომპანიებში უფრო ხშირად ტარდება, ვიდრე მცირე ზომის კომპანიებში. კითხვაზე, თუ რა სიხშირით უნდა ტარდებოდეს თქვენს კომპანიაში საგადასახადო შემოწმება, კომპანიების ნახევარზე მეტი ისურვებდა, რომ ეს შემოწმება 3 წელიწადში ერთხელ ჩატარებულიყო”, – ამბობს მკვლევარი.

კომპანიების დამოკიდებულება იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებთან

კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 14% აწარმოებს ექსპორტს, ხოლო იმპორტით 39%-ია დაკავებული. “საერთო ჯამში, მხოლოდ 21 კომპანიას შექმნია პრობლემა იმპორტის ან ექსპორტის დროს 2014 წლის განმავლობაში, რაც უმეტესწილად საბაჟო პროცედურების ხანგრძლივობასთან იყო დაკავშირებული”, – თქვა CRRC-ის წარმომადგენელმა.

ამას გარდა, კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 6% სარგებლობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) რეჟიმით, რაც, CRRC-ის მკვლევრის შეფასებით, საყურადღებო მიგნებაა. კომპანიების 63%, ხოლო უშუალოდ ექსპორტიორი საწარმოების 46% აცხადებს, რომ DCFTA-ში მონაწილეობით არ არის დაინტერესებული.

კვლევა, CRRC-ის ცნობით, 2015 წლის 21 სექტემბრიდან 13 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. CRRC-ის უფროსი მკვლევრის, ნათია მესტვირიშვილის, თქმით, კვლევის მიმდინარეობისას პირისპირი ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა 1033 კომპანიის წარმომადგენელი. შერჩევის ჩარჩოს წარმოადგენდა “საქსტატის” მონაცემები. შერჩევა მოიცავდა მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს, ისევე, როგორც ეს დაყოფილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ. გამოკითხული კომპანიებიდან, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი იყო 38%, საშუალო – 41%, ხოლო 21% იყო მცირე ბიზნესის წარმომადგენელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი