ახალი ამბები

ნარჩემაშვილის პოზიცია ნარკოტიკების მოხმარებასა და გასაღებაზე

20 ივლისი, 2016 • 1206
ნარჩემაშვილის პოზიცია ნარკოტიკების მოხმარებასა და გასაღებაზე

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკის მოხმარების პირველი შემთხვევისას სახელმწიფო გაფრთხილებით უნდა შემოიფარგლოს.

“პრინციპში, მარიხუანას მცირე ოდენობით მოხმარებისას შეიძლება მკაცრი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის პოლიტიკა არ გამოიყენოს სახელმწიფომ, მე ამ მიდგომას ვემხრობი. პირველ მოხმარებაზე, მცირე ოდენობაზე შესაძლებელია ჯარიმაც არ იყოს და სახელმწიფო გაფრთხილებით შემოიფარგლოს,” – ამბობს ნარჩემაშვილი.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი  აღნიშნავს, რომ დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია:

“მრავალჯერადი მოხმარება რომ არ იყოს დასჯადი, ან ვინმეს მიერ მარიხუანას გასაღება რომ  არ იყოს დასჯადი, ამის წინააღმდეგი ვარ.”

ნარჩემაშვილი მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის რეგულაციების შემსუბუქების მომხრეა:

“მომხმარებლებთან მიმართებაში შეიძლება შემსუბუქებული იყოს [პასუხისმგებლობის ზომა], პრინციპში, ახლაც მძიმე [სასჯელი] არ არის მომხმარებლებთან დაკავშირებითაც, მაგრამ რეალიზაციის ნაწილში [პოლიტიკა] მკაცრი უნდა იყოს. შესაძლებელია, მძიმე ნარკოტიკის მომხარების პირველ შემთხვევაში, როგორც წესი, წინასწარი პატიმრობა არ იყოს გამოყენებული. ”

მისი თქმით, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწაზე იმუშავებს:

“ნარკოპოლიტიკის მიმართულებით წინ გადაიდგა ნაბიჯები და საკმაოდ ხელშესახები შედეგები არის, მაგრამ ეს არის მუდმივი საკითხი, მუდმივი პრობლემა, რომელიც ყველა ქვეყანას აქვს. კანონმდებლობა უფრო სრულყოფილი რომ გახდეს, ამაზე მექნება ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია,”- ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი