ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატების ჯანდაცვის პროგრამის პრიორიტეტები წინასაარჩევნოდ

20 ივლისი, 2016 • 1687
თავისუფალი დემოკრატების ჯანდაცვის პროგრამის პრიორიტეტები წინასაარჩევნოდ

“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, კოკა ფრუიძის თქმით, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ჯანდაცვის პროგრამის პრიორიტეტები ასე გამოიყურება:

  • სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაზრდა
  • ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და საყოველთაობა
  • სერვისების საყოველთაო უზრუნველყოფა
  • მედიკამენტების გაიაფება და მათი ხარისხის კონტროლი
  • ავადმყოფის და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვა
  • ჯანდაცვის და სამედიცინო განათლების ხარისხის კონტროლი
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება

კოკა ფრუიძის აზრით, ჯანდაცვის სფეროს განვითარებისათვის მთავარია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, შემდგომ კი “თანხების სოციალურად სწორად გადანაწილება”. მისი შეფასებით, დღეს საქართველოში ხალხის 2 კატეგორია არსებობს: “ერთი, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით უფინანსებს ყველაფერს და მეორე კატეგორია – ყველა დანარჩენი”. ფრუიძის თქმით, “ყველა დანარჩენში” შედის კატეგორია ხალხისა, ვისაც სხვადასხვა რაოდენობის ხელფასები აქვს. “არა მგონია, სწორი იყოს, რომ ადამიანს, ვისაც აქვს 500 ლარი და 5000 ლარი, თანაბარი დაფინანსება ჰქონდეს სახელმწიფოსგან. ადამიანი, რომელსაც თვეში 500 ლარი აქვს შემოსავალი, არ არის დაცული სამედიცინო რისკებისგან და მისთვის ოპერაციის ის 30% პროცენტი, რომელსაც დღეს იხდის, რთული გადასახდელია. იმ ადამიანისთვის კი, ვისაც 5000 ლარი აქვს თვეში შემოსავალი, ოპერაციის ის 30% ბევრად ნაკლებია”, – ამბობს კოკა ფრუიძე და “პრობლემის გამოსასწორებლად” გადახდის “უნივერსალურ სისტემას” გვთავაზობს:

“შევიმუშავებთ გადახდის უნივერსალურ სისტემას, რომელსაც გავყოფთ ორ ნაწილად: საბაზისო და უნივერსალურ პაკეტებად. საბაზისო პაკეტი იქნება მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის (იქნება ჩამონათვალი, თუ რა შევა ამ ძირითად პაკეტში) და იარსებებს დამატებითი პაკეტი, რომელსაც დავაფინანსებთ იმის მიხედვით, თუ რა შემოსავალი აქვს მოსახლეობას. პენსიონერებს, უმწეოებს, ბავშვებს 5 წლამდე (შესაძლებელია კიდევ სხვა კატეგორიის მოსახლეობას) – ეს დამატებითი პაკეტი 100%-ით დაუფინანსდებათ. ხოლო იმის მიხედვით, თუ რა შემოსავალი აქვს ადამიანს, შესაძლებელია ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება. თუ ადამიანს შემოსავალი აქვს თვეში 15 ათასი ლარი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მისთვის დამატებითი პაკეტის დაფინანსება საჭიროებაას აღარ წარმოადგენს”, – თქვა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა.

ფრუიძის თქმით, “თავისუფალი დემოკრატებისთვის” პრიორიტეტულია სოფლად მცხოვრები ექიმებისა და ექთნების ხელშეწყობაც. კოკა ფრუიძის ინფორმაციით, დღესდღეისობით საქართველოში 700 სოფლის ექიმი და ექთანია. “მათი ხელფასი საკმაოდ დაბალია, სოფლის ამბულატორიები ძალიან ცუდ დღეშია აღჭურვილობით. ცუდ დღეში არიან ექიმები და ექთნები იმიტომ, რომ მათ არა აქვთ ნორმალური სამუშაო პირობები”, – მიიჩნევს კოკა ფრუიძე.

ის სოფლის ექიმების “სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოსასწორებლად” ასეთ სქემას გვთავაზობს: “ერთმა სოფლის ამბულატორიამ (ანუ ერთმა ექიმმა და ორმა ექთანმა) წელიწადში რომ დაზოგოს თანხები, – რომ არ გაუშვას საავადმყოფოში 2 პაციენტი, რომელსაც არ ესაჭიროება საავადმყოფოდან სერვისების მიღება, – წელიწადში ეს მოგვცემს 25 მლნ ლარის ეკონომიას. ეს 25 მლნ ლარი შეგვიძლია მივმართოთ ექიმების და ექთნების ხელფასების გაორმაგებაში: დღეს თუ (სოფლის) ექიმების ხელფასია საშუალოდ 600 ლარი, ჩვენ შეგვიძლია ეს გავზარდოთ 1200-1300 ლარამდე, და ექთნების ხელფასი, რომელიც არის არაუმეტეს 250 ლარი, შეგვიძლია გავზარდოთ 600-700 ლარამდე მხოლოდ ამ ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებით”, – ამბობს ფრუიძე.

"ჯანდაცვის სფეროს განვითარებისათვის მთავარია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, შემდგომ კი თანხების სოციალურად სწორად გადანაწილება”, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა ფრუიძემ "ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის" ჯანდაცვის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. 20.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ჯანდაცვის სფეროს განვითარებისათვის მთავარია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, შემდგომ კი თანხების სოციალურად სწორად გადანაწილება”, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა ფრუიძემ ჯანდაცვის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. 20.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

კოკა ფრუიძე ამბობს, რომ საქართველოში “კატასტროფული რაოდენობით შემცირდა ექთნების რაოდენობა: ჩვენ გვყავს 30 000-ზე მეტი ექიმი და პრაქტიკულად აღარა გვყავს ექთნები. ვინც არიან, ისინი ასაკოვნები არიან და მიუხედავად იმისა, რომ კარგად მუშაობენ, პრობლემა ისაა, რომ მათ ახალი თაობა არ ანაცვლებს. ჩვენი მიზანია ექთნის პროფესია გავხადოთ მიმზიდველი არა მარტო ფინანსურად, არამედ განათლების მხრივაც, – როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, სადაც ექთნის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია”, – ამბობს ფრუიძე.

ფრუიძე, მისი თქმით, კიდევ ერთ მნიშნველოვან საკითხს გამოყოფს: “მედიკამენტების გაიაფება არის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელსაც ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. ) შემუშავდება ესენციური (ძირითადი, აუცილებელი) მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც შეიყიდის სახელმწიფო, დაურიგებს სოფლისა და ოჯახის ექიმებს და მხოლოდ მათი დანიშნულებით პაციენტს უფასოდ მიეცემა ეს მედიკამენტები. ამის მართვის მექანიზმის საქართველოში უკვე არსებობს, მაგალითად, ვაქცინაცია – როდესაც სახელმწიფო ვაქცინებს ყიდულობს ყველასთვის და დანიშნულების მიხედვით აძლევს უფასოდ და ამას ასრულებენ სოფლისა და რაიონის ექიმები და ექთნები”, – განაცხადა 20 ივლისს “თავისუფალი დეკოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სფერო ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და სენსიტიური სფეროა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკაში, ქვეყნის განვითრებაში დიდ როლს თამაშობს. დაწყებული 90-იანი წლებიდან, როცა საქართველო გახდა დამოუკიდებელი, სულ არის ლაპარაკი ჯანდაცვის რეფორმაზე და, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა ვერასოდეს ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც მას უყენებს მოსახლეობა”, – განაცხადა 20 ივლისს კოკა ფრუიძემ.

მისი თქმით, “ჯერ არ მოიძებნება მსოფლიოში ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემით კმაყოფილი იყოს. მაგრამ … მთელი მსოფლიო შეთანხმებულია, რომ ჯანდაცვის სფერო უნდა აკმაყოფილებდეს ძირითად საკითხებს – ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, ჯანდაცვის სერვისების საყოველთაობასა და ხარისხს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი