ახალი ამბები

“ეს შენ გეხება!” ეუთოსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

2 მარტი, 2012 •
“ეს შენ გეხება!” ეუთოსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

კამპანია “ეს შენ გეხება!”–ს ფარგლებში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას სთხოვენ.

კერძოდ, ისინი ამ მოთხოვნით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

აღნიშნულის შესახებ დღეს, 2 მარტს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ  შეხვედრაზე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათ ორი მიმართვა გაავრცელეს.

მათი განცხადებით, სადამკვირვებლო მისია არა მარტო  წინასაარჩევნო ორთვიანი პერიოდის მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს, არამედ აუცილებელია, მათი დაკვირვება მთელი საარჩევნო წლის მანძილზე განხორციელდეს.   

“ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები 28 თებერვალს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოსვლისას გამოთქმულ იმ პოზიციას ვეთანხმებით, რომ აუცილებელია წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგისათვის საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა და წინადადებით მოგმართავთ, უმოკლეს ვადაში საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია მოიწვიოთ”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის,  პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გავრცელებულ მიმართვაში.

მეორე მიმართვა კი გაეგზავნება “ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანების უფლებები ოფისის” (ODIHR)–ის დირექტორს, ელჩს იანეშ ლენარჩიჩს.

“პარლამენტის მიერ 2011 წლის ბოლოს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, უზრუნველყოს თავისუფალი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო გაუმჯობესებული საარჩევნო ბაზით. სამართლიანი საარჩევნო და პარტიების დაფინანსების ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემებით. აღნიშნული ცვლილებები, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვიეს, ქმნის სამოქალაქო აქტივობის, საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის საფრთხეს და შეუძლია მკაცრი და გაუმართლებელი პასუხისმგებლობა დააკისროს ამომრჩეველს, რაც უარყოფითად იმოქმედებს სიტყვის თავისუფლებასა და სამოქალაქო ჩართულობაზე,” – ნათქვამია მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი