ახალი ამბები

კუბლაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

1 მარტი, 2012 •
კუბლაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

დღეს, 1 მარტს, კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის (კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი”–სა და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”) წარმომადგენლები პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას გააცნობენ.  

კუბლაშვილთან შეხვედრა დღეს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტში გაიმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში განმარტებულია  მათი პოზიცია და 261 მუხლის შეცვლის მიზეზი. არასამთავრობოები მიიჩნევენ, არსებული ნორმები ცხადყოფს, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განცხადება, ან პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის მიზნით გაკეთებულ მოწოდება მიიჩნევა საკმარის საფუძვლად, პირი დაექვემდებაროს მნიშვნელოვან შეზღუდვებს,  რაც არღვევს გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას.    

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2012 წლის 17 თებერვალს კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს.

შეგახსენებთ, არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 13 თებერვალს დაიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი