შავ ზღვაში NATO-ს წვრთნების გამო სოხუმში საფრთხეს ხედავენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ შავი ზღვის აკვატორიაში NATO-ს სამხედრო-საზღვაო წვრთნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“შავი ზღვის რეგიონში ამა თუ იმ ძალებისა თუ საშუალებების ნებისმიერი ქმედება პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის. ნატოს წვრთნები შავ ზღვაში რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, საზოგადოებებში წინააღმდეგობები არსებობს, რაც მღელვარებას იწვევს. სტაბილურობა მაშინ დგება, როდესაც არსებობს სამხედრო ძალების, ეკონომიკური შესაძლებლობების ბალანსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდება და როდესაც ერთ-ერთი ქვეყანა ამ ბალანსს არღვევს სამხედრო გემების სახით, ეს ვითარების სტაბილიზაციას ხელს არ უწყობს”,- განუცხადა სპუტნიკ-აფხაზიას მუჰამედ კილბამ.

უკრაინაში, კერძოდ, ოდესისა და ნიკოლაევის მხარეებში, ასევე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში, NATO-ს სწავლება Sea Breeze-2016 დაიწყო, რომელიც 2016 წლის 30 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნებში აშშ-ის, უკრაინის, რუმინეთისა და თურქეთის 25 გემი, კატერი და ხომალდი მონაწილეობს. Sea Breeze 1997 წლიდან ყოველწლიურად მიმდინარეობს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულ წვრთნებში რუსეთმა მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ, 1998 წელს მიიღო.

sea breeze-2015 ფოტო: mil.gov.ua

sea breeze-2015
ფოტო: mil.gov.ua

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი