ახალი ამბები

საქართველოს პროფკავშირების „მოქმედების დღე“

29 თებერვალი, 2012 •
საქართველოს პროფკავშირების „მოქმედების დღე“

საქართველოს პროფკავშირები ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ინიციატივას ეხმაურება. 29 თებერვლი, კონფედერაციის ინიციატივით,   ევროპული პროფკავშირების „მოქმედების დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს ევროპის პროფკავშირები 1–2 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ევროპის საბჭოს სხდომის მონაწილეებს დასაქმების პრობლემის მოგვარებისა და სოციალური სამართლიანობის მოთხოვნით მიმართავენ.

საქართველოს პროფკავშიერებმა „მოქმედების დღე“ პარლამენტის წინ ლოკალური აქციით აღნიშნეს და სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.   პროფკავშირებმა ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსი  და არსებული სოციალური უსამართლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს:

 

„საქართველოს ხელისუფლების გაუმართლებლად ხისტი დამოკიდებულება შრომის კოდექსის ცვლილებისადმი აქტუალობას არ უკარგავს პრობლემებს, რომელიც 21–ე საუკუნის საქართველოს სამარცხვინო ლაქად დაჰყვება: 8–საათიანი სამუშაო დღის არარსებობა; სამსახურებიდან ადამიანების დაუსაბუთებელი დათხოვნა; როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, დამამცირებელი მოკლევადიანი კონტრაქტების არსებობა; აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა; დაუფასებელი შრომა მძიმე, მავნე და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის მქონე პირობებში; შრომის უსაფრთხოების პირობების უგულვებელყოფა; მცირე და უსამართლო დეკრეტული შვებულებები; უმუშვერობის კომპენსაციის არარსებობა; რეალურ ინფლაციასთან შეუფერებელი ხელფასები, პენსიები, შემწეობები; ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური მონაპოვრის – ასოციაციის თავისუფლების ხელყოფა“ – ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებში.

 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 235 824 წევრს და 4668 პირველად  პროფკავშირულ ორგანიზაციას ითვლის. მისი წევრია 19 დარგობრივი პრფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი