ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ხელისუფლებას მოძრაობის შესახებ დეზიფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

18 ივლისი, 2016 • 1359
პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ხელისუფლებას მოძრაობის შესახებ დეზიფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

“პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის” “დაუდგენელი პირების” მიერ მოძრაობის სახელით მოქალაქეებისგან თანხის მოტყუებით მიღებასა და მოძრაობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში სახელისუფლებო ჯგუფს ადანაშაულებს და სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტების გამოძიებისკენ საჯაროდ მოუწოდებს.

“ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში გახშირდა შემთხვევები, როდესაც “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის” სახელით ჩვენთვის უცნობი პირები მოქალაქეებთან სახლში მიდიან და პარტიული შემოწირულობების სახით სხვადასხვა ოდენობის თანხას ითხოვენ. პარალელურად, გარკვეული პირები, რომელთა ვინაობა ასევე უცნობია ჩვენთვის, აზრის გამოკითხვის საბაბით მოქალაქეებს ესაუბრებიან პოლიტიკურ თემებზე, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და ჩვენი მოძრაობის რეპუტაციას ლახავენ – აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სატელიტები”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მერაბ მეტრეველმა.

“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის” მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში და პაატა ბურჭულაძის მოძრაობის სახელით მოსულ არც ერთ პირს არ მისცენ თანხა.

“რაც შეეხება მეორე შემთხვევას, აქაც, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს პარტიის რეპუტაციის შელახვასთან. ამ კამპანიის ორგანიზებული ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაინტერესებული სახელისუფლებო ჯგუფის მიზანმიმართულ შავ პიართან, რომელიც ძველი და გაცვეთილი მეთოდებით აწარმოებს ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლას”, – თქვა მერაბ მეტრეველმა,

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის “კატეგორიულად სთხოვს” სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ ზემოხსენებული ფაქტებით და გამოიძიონ ეს შემთხვევები.

“კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას – არ აჰყვნენ პროვოკაციას – ჩვენი აქტივისტები თქვენთან აუცილებლად მოვლენ მხოლოდ თქვენი პრობლემების მოსასმენად, საქართველოს განვითარების ჩვენს მიერ შემუშავებულ გეგმაზე სასაუბროდ და “ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში” პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწორების შესაგროვებლად”, – აცხადებს მეტრეველი.

“სამართალდამცავ ორგანოებს საჯაროდ მივმართავთ და, შესაბამისად, მათ აქვთ ვალდეუბლება, საჯაროდ გასულ ინფორმაციაზე დაიწყონ გამოძიება და მოახდინონ რეაგირება”, – ამბობს მეტრეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი