ახალი ამბები

დებატები პრეზიდენტთან

29 თებერვალი, 2012 • • 1587
დებატები პრეზიდენტთან

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართა.

დებატები მწვავე გამოდგა. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას პარლამენტში გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთით დარბაზი დატოვა. ამ ფორმით უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატის ბრალდებებს.

ბაღათურიამ პრეზიდენტს ბრალი დადო იმაში, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილის მამამ ხელში ჩაიგდო ბალნეოლოგიური კურორტები საქართველოს მასშტაბით, დედამისმა– საუნივერსიტეტო სფერო, ასევე, სხვადასხვა ბიზნესს აკონტროლებენ მისი ძმები. ბაღათურიამ სააკაშვილს განუცხადა, რომ თავად პრეზიდენტი საქართველოში აკონტროლებს საწვავის და სხვა ბიზნესებს.

პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის ფარგლებში გამართული დებატების დროს ბაღათურიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს, როდესაც იგი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბიზნესები არ ჰქონდათ.

“დღეს თქვენ ხართ ერთ –ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებს საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობს მედიამაგნატ „რუსთავი2“–ს , რომელიც თქვენს კლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი, ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი უმაღლესი განათლების სფეროში. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი გეპეის…“– განუცხადა მან სააკაშვილს თავის გამოსვლაში.

აქ ბაღათურიას პრეზიდენტმა გამოსვლა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ მისი მამა არა ბალნეოლოგიურის მფლობელი, არამედ დირექტორია.

„ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, მანდატურები წაგყვებიან, გავამზადებინებ კარგ აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიანში და კარგად დაგზილავენ, როგორც საჭიროა, და გაგივლის ფანტაზია თავიდან ბოლომდე“, – უთხრა მან ბაღათურიას.

„აი, ეს არის თქვენი ზრდილობა. აი, ეს არის თქვენი ტაქტი. ჯერ გამობრძანდით და აქედან იწყევლებოდით, რომ საავადმყოფოებში უნდა დავწვეთ ყველა ოპოზიციონერი და ახლა თქვენ ტოვებთ დარბაზს“, – განუცხადა მან სააკაშვილს, რომელმაც სხდომათა დარბაზი ცოტა ხნით დატოვა.

ამ ინციდენტს პარლამენტის დარბაზში მმართველი პარტიის დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.

ინციდენტიდან ცოტა ხანში პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში დაბრუნდა და მოგვიანებით განაცხადა: „ახლა გასული რომ ვიყავი ნახევარი წუთი, მამაჩემს გადავურეკე, რომ აბაზანა გაამზადოს“.

პრეზიდენტის მხრიდან ასევე მწვავე შეფასება მოჰყვა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” მდივნის, პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, გია ცაგარეიშვილის გამოსვლას. მან  ხელისუფლებაში „ელიტური კორუფციის მტკიცებულებად“ პრეზიდენტს გადასცა იმ ფეშენებელური სახლების ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, ეკუთვნის– შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს. დეპუტატმა  შეახსენა პრეზიდენტს, რომ სწორედ ამგვარად მოიქცა სააკაშვილი, როცა ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი იყო.

სააკაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „მუდმივად ვაკონტროლებთ იმას, რომ არ მოხდეს ამ ხელისუფლებაში დაჭაობება“.

“ჩვენ არ გვაქვს ვილები, მაგრამ ჩვენ ავაშენეთ ახალი ბათუმი“, – განაცხადა მან,  „(იუსტიციის მინისტრის) ზურა ადეიშვილის მამის სახლი დანგრეულია, მაგრამ ზურა ადეიშვილმა ააშენა და გააკეთა ბოლო წლების და თვეების განმავლობაში რამდენიმე მაგარი ტბა, ათობით იუსტიციის სახლი, ხელი შეუწყო ასეულობით სასტუმროს და ტურისტული ობიექტების მშენებლობას…  ვანო მერაბიშვილი როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გავიცანი, როცა მამამისის „კამაზით“ იყო მთელი მათი ოჯახის შემოსავალი, მე ეჭვი მაქვს, ისეთივე გაღლეტილია დღეს“ და პრეზიდენტმა „ელიტური კორუფციის მტკიცებულებად“ ცაგარეიშვილის მიერ გადაცემული ფოტო მოისროლა.

“მე თქვენ გეტყვით, რატომ არ გაქვთ თქვენ მომავალი“, – მიმართა მან ოპონენტებს,  „იმიტომ, რომ თქვენ დარჩით წარსულში. მე არ მინდა ვთქვა, ჩაირეცხეთ წარსულში, გაიჭედეთ წარსულში… რა პოლიტიკოსებიც არ უნდა დაგაპრივატოთ ხან ერთმა ფულიანმა კაცმა, ხან მეორემ და ხან მესამემ… ყოველთვის თქვენი გახმოვანების ინსტრუმენტი იქნება ტყუილი“.

ცაგარეიშვილმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი “ვეღარ შეძლებთ“ ხელისუფლებაში დარჩენას.

“თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, ჩაატაროთ დემოკრატიული არჩევნები. მიბაძეთ ჯორჯ ვაშინგტონს და ნუ დაემსგავსებით ვლადიმერ პუტინს“, – განუცხადა მან სააკაშვილს.

პრეზიდენტმა მოგვიანებით კიდევ ერთხელ ისაუბრა „შემცვლელებზე“ და აღნიშნა, რომ საქართველო დარჩება არა „შევარდნაძის მუმიფიცირებული, პოლიტიკური გვამების“ და „ჯონდების და მათი პატრონების“ ხელში, არამედ მომავალი თაობის, რომელიც „ახლა მოდის პოლიტიკაში“.

“თქვენ მუდმივად ლაპარაკობთ, რომ გვითხრას სააკაშვილმა, რას გააკეთებს 2013 წელს. რადგან თქვენ ამ კითხვას სვამთ, ჩემო მეგობრებო, ე.ი. აბსოლუტურად დარწმუნებით შეგუებული ხართ, რაც არ უნდა იბაქიბუქოთ, რომ 2012 წლის არჩევნები უკვე წაგებული გაქვთ. ხომ ასეა? მინდა გითხართ, რომ არა მხოლოდ ხელს არ ავიღებთ იმისათვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ იბრძოლოს ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის, როგორც პრეზიდენტი ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და ობიექტური. როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თუ მანამდე არ გადამირჩევენ, ყველაფერს გავაკეთებ, უკვე როგორც ლიდერი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს“, – განაცხადა მან.

სახელისუფლებო გუნდს აქვს რესურსი, რომ საქართველო „მრავალი წლის განმავლობაში“ მართოს და „მე ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი ამ პერსპექტივაზე უარს“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ეს პასუხი საპარლამენტო უმცირესობისა და “ქრისტიან–დემოკრატების” ლიდერს გიორგი თარგამაძეს გასცა, რომელმაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ საპარლამენტო დებატების ფარგლებში ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის ხელისუფლებაში დარჩენას.

“მესმის, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე წელიწადნახევრით ადრე ამის გაკეთება ძალიან რთულია და თქვენ გაფიქრებთ მმართველი ძალის, მმართველი პარტიის  სიმტკიცე და მონოლითურობა, მაგრამ მე ახლა მოგმართავთ არა როგორც ქვეყნის ერთ–ერთი პარტიის, არამედ როგორც მთელი საქართველოს ლიდერს – საქართველოს და ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს სჭირდებათ ნათელი პასუხი კითხვაზე, რას აპირებს სააკაშვილი? ბოლომდე უერთგულოს მთელს მსოფლიოში მის მიერვე კულტივირებულ იდეას აღმოსავლეთსა და პოსტსაბჭოთა  სივრცეში საქართველოს და მისი ლიდერის განსაკუთრებული დემოკრატიული მისიის შესახებ, თუ გაჰყვეს უკვე  დატკეპნილ გზას ძალაუფლების შენარჩუნების”.– განაცხადა თარგამაძემ,

პრეზიდენტმა უპასუხა: „მთავარი პრობლემა, რაც გაქვთ თქვენ ხანდახან, არის ის, რომ თქვენ კატასტროფულად არ გჯერათ საკუთარი ძალების და საკუთარი თავის. ამიტომ გგონიათ, რომ თქვენი პრობლემა არის არა, ვთქვათ, პოლიტიკური რეალობა, არა ის, რომ საკმარისად ვერ დაუმტკიცეთ ხალხს, რომ გაქვთ უნარი, გადაიბაროთ ხელისუფლება, თავისთავად ხელისუფლების პერიოდული ცვლა სხვადასხვა ციკლებით არის ჩვეულებრივი პროცესი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის და ჩვენს ქვეყანაში ამას ინსტიტუციური საფუძველი აქვს“.

“მაგრამ იმისათვის, რომ ინსტიტუციური საფუძველი რეალურ პოლიტიკურ შედეგში გადაიზარდოს, საჭიროა ალტერნატივა, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ მართლაც ვართ მზად, რომ მთლიანად ავიღოთ მართვა და მინიმუმ გავაგრძელოთ მაინც ის, რასაც ესენი [ხელისუფლება] აკეთებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა..

“ამის ნაცვლად თქვენ რითი ხართ დაკავებული? ამის ნაცვლად ხართ დაკავებული, აი, კლინტონი ჩამოვიდა და ორი თვე იძახდით, რომ ‘აი, ჰილარი კლინტონი ჩამოდის, რომ სააკაშვილი წაიყვანოს’. გეგონება, გუდიანი კაცია ან ქალია, რომელიც ჩამოვა, მოიკიდებს ზურგზე დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, წაიყვანს და სადღაც ვაშინგტონის რომელიღაც გარეუბანში გადამალავს, ალბათ, კონსპირაციულ ბინაზე; მერე იმედი გქონდათ, რომ ახლა რომ ჩავედით აშშ–ში, რომ ახლა აუცილებლად დაგვტუქსავდნენ და გვეტყოდნენ, რომ ახლა დროზე აუცილებლად აიკიდეთ გუდა–ნაბადი, აბა გამოიქეცით, წამოდით აქ; მერე კიდევ, მინდა გითხრათ, რომ კიდევ რამდენიმე თვეში ჩამოდის ჰილარი კლინტონი, ალბათ, ამაზეც იტყვით; საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული, უნდა წავეყვანე, მაგრამ, ეტყობა, თვითმფრინავში ადგილი არ აღმოაჩნდა, თუ კიდევ ჩამოვა და იქნება, უფრო დიდი თვითმფრინავით ჩამოვიდეს და ბარემ ერთბაშად იქნებ დანარჩენი პარტიის წევრების უმეტესობაც გავაყოლოთ თან“– აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, “ეს არის, მე ვფიქრობ, არასერიოზული თამაში, არასერიოზული თამაში იმიტომ, რომ მთავარი მოქმედი პირი გამოგრჩათ. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ღვთის ნებაზე, რაღაც ზემოთ კოსმოსურ ძალებზე და ა.შ. მთავარი მოქმედი პირი გამოგრჩათ – ეს არის ქართველი ხალხი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამიტომ ძალიან მარტივი რეცეპტი არის ჩანაცვლების საქართველოს ხელისუფლების: დაამტკიცეთ, რომ გაქვთ მაგარი პროგრამა, დაამტკიცეთ, რომ ხართ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ეს პროგრამა განახორციელოთ, მიიღეთ ხალხის მხარდაჭერა და თუ მაგრები ხართ, დაგვამარცხეთ არჩევნებში. ეს არის ერთადერთი გზა ხელისუფლებისკენ“.

“ნუ ხართ ბიძების და დეიდების იმედზე, რომლებიც ამ პრობლემას გადაგიწყვეტენ უცხოეთიდან. არ გადაგიწყვეტენ. ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტაში არ დაგეხმარებით, მინდა პირდაპირ ვთქვა. შემიძლია გზა გასწავლოთ, მაგრამ მე რომ არ გასწავლოთ, ეს წიგნებში ისედაც წერია. ასე რომ, შეგიძლიათ წაიკითხოთ. და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“უფრო მეტსაც გეტყვით, მე მიმაჩნია, რომ ამ გუნდს, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, დემოკრატიის ფარგლებში… აქვს რესურსი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მართვის და მე ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი ამ პერსპექტივაზე უარს“. – განაცხადა სააკაშვილმა.

დებატები ორ საათს გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი