ახალი ამბები

ისრაელი ჯვრის მონასტრის გადმოცემაზე მოლაპარაკებებს უარყოფს

28 თებერვალი, 2012 •
ისრაელი ჯვრის მონასტრის გადმოცემაზე მოლაპარაკებებს უარყოფს

“ისრაელის მაღალჩინოსნები გაკვირვებულნი არიან ოფიციალური თბილისის განცხადების გამო იმასთან დაკავშირებით, რომ ჯვრის მონასტრის გადაცემაზე მოლაპარაკებები “დიდი ხანია” მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ინტერნეტ–პორტალი “იზრუსი” იუწყება.

“ჩვენთვის ეს სიახლეა. მსგავსი არაფერი გვსმენია”, – აცხადებს “იზრუსთან” საუბრისას ისრაელის საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს-მდივანი იგალ პალმორი.

სააგენტოს ცნობით, ასეთივე რეაქცია ჰქონდათ ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტშიც, ტაძრის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ არაფერი სმენია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რელიგიურ საკითხებში შმუელ ბენ–შმუელსაც.

იმის შესახებ, რომ იერუსალიმის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯგუფის შემადგენლობას ასაიდუმლოებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობა და ტექნიკური საკითხები კონფიდენციალურად დარჩება, რადგან “რეზულტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი სასწორზე დადება არ ღირს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი