“ჩვენთვის ეს სიახლეა. მსგავსი არაფერი გვსმენია”, – აცხადებს “იზრუსთან” საუბრისას ისრაელის საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს-მდივანი იგალ პალმორი.
სააგენტოს ცნობით, ასეთივე რეაქცია ჰქონდათ ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტშიც, ტაძრის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ არაფერი სმენია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რელიგიურ საკითხებში შმუელ ბენ–შმუელსაც.
იმის შესახებ, რომ იერუსალიმის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯგუფის შემადგენლობას ასაიდუმლოებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობა და ტექნიკური საკითხები კონფიდენციალურად დარჩება, რადგან “რეზულტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი სასწორზე დადება არ ღირს.”
