ახალი ამბები

ადვოკატი: ზურაბ ადეიშვილი დავითაშვილის საქმეზე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

14 ივლისი, 2016 • 2283
ადვოკატი: ზურაბ ადეიშვილი დავითაშვილის საქმეზე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ადეიშვილის ადვოკატმა განუცხადა.

დავით კაკოიშვილის თქმით, ადეიშვილს ბრალი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არის და ბრალდება, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას ეყრდნობა:

“ჯერ მკტიცებულებებს არ გავცნობივარ, დღეს გადმომეცემა, სავარაუდოდ, მტკიცებულებები, თუმცა ბრალის შესახებ დადგენილებაზე შეიძლება ითქვას, რომ სავარაუდოდ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას ეფუძენბა ეს დადგენილება, ეს არის დავით ქარსელაძის ჩვენება. ეს სამართლებრივად დასაბუთებული საქმე არ არის, საქმეში მტკიცებულებები არ არის. ზურაბ ადეიშვილს კობა დავითაშვილის ცემასთან, ან მისთვის თავისუფლების აღკვეთასთან შემხებლობა არ აქვს,” – აღნიშნავს ადვოკატი.

კაკოიშვილი მიიჩნევს, რომ ადეიშვილისთვის ბრალის წაყენება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება:

“წინასაარჩევნო პერიოდია და, ბუნებრივია, რომ ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობას ცდილობს ხელისუფლება მსგავსი საქმეებით.”

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ გახსნილია 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო  აქციის დროს  კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი.

აღნიშნულ საქმეზე დღეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი