2011–2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნები–ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, ერთ–ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საგნებად მიიჩნევა. ამ საგნების მნიშვნელობის შესახებ მალხაზ მაყაშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ილიას უნივერსიტეტში არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საუბრობს.
ბატონო მალხაზ, რატომ გახდა ბოლო პერიოდში საბუნებისმეტყველო საგნები პრიორიტეტული?
თუ გვინდა, რომ ბავშვმა სკოლაში ისწავლოს აზროვნება, საბუნებისმეტყველო საგნები უშუალო კავშირშია ამასთან. ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა მეცნიერებებია. მეცნიერება კი ადამიანის გონებრივი შრომის სწორედ ის დარგია, სადაც საჭიროა კრიტიკული აზროვნება, დაკვირვება, მონაცემების აღწერა, ანალიზი. შესაბამისად, ეს ის საგნებია, რომელიც ბავშვის აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს.
ისმ რომ რეფორმის შედეგად ეს საგნები პრიორიტეტული გახდა, ეს ამ საგნების არასწორმა სწავლებამაც გამოიწვია, რომელმაც თავის მხრივ ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი გააქრო.
რაში გამოიხატებოდა ამ საგნების არასწორი სწავლება?
სწავლება მიმართული იყო, ძირითადად, ცოდნის რაოდენობის დაგროვებაზე და არა ხარისხზე. სახელმძღვანელოები გადატვირთული იყო და მიიჩნეოდა, რომ ბავშვი სკოლაში დიდ ინფორმაციას უნდა დაუფლებოდა. ეს ინფორმაცია იყო მშრალი, არ იყო დაფუძებული აქტიურ სწავლებაზე, იმაზე, რასაც ინტერაქტიული სწავლება ჰქვია. აქედან გამომდინარე, მოსწავლეების უმრავლესობა ამ საგნების მიმართ ინტერესს კარგავდა და ამ ინფორმაციას უბრალოდ იზეპირებდა.
დღეს რა მდგომარეობაა, რა გაკეთდა?
სკოლებში იხსნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. გარდა ამისა, ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართული უმაღლესი სასწავლებლები. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტში ჩვენ გავაკეთეთ თანამედროვე აღჭურვილობის ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის ლაბორატორია, რომელიც უახლოეს პერიოდში მასწავლებელებისათვის და სკოლის მოსწავლეებისთვისაც გაიხსნება. მათი შეეძლებათ იქ ცდების, კვლევების ჩატარება. ისწავლიან, როგორ უნდა მიიღონ მონაცემები.
ამ მხრივ ინტერაქტიული სწავლება თავად პედაგოგებსაც სჭირდება. მეცნიერება არ არის მხოლოდ წინგის კითხვა, საჭიროა მუდმივად აქტიური კვლევა, ამის გარეშე ეს საგნები არ არსებობს.
იყო საუბარი იმაზეც, რომ ფიზიკა და ქიმია სკოლაში ძალიან გვიან იწყება. ახალი სასწავლო წლიდან კი, უკვე მეშვიდე კლასში ფიზიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას ერთად, ერთ სახელმძღვანელოდ შეიტანენ სკოლებში.
ბავშვს საშუალება მიეცემა, ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა მხრიდან შეხედოს. ჩვენი ორგანიზმი ხომ მთლიანად ქიმიური ნივთიერებებისგან შედგება, და ამასთან არის ფიზიკური სხეული, რომელიც ყველა ფიზიკურ კანონს ემორჩილება.
თუმცა, რამდენად შეძლებს ერთი მასწავლებელი სამივე საგნის სწავლებას, ეს სხვა საკითხია.